Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

8 მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავეხუტოთ შვილებს

8 მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავეხუტოთ შვილებს

ჩახუტება დედებისა და შვილებისთვის ბედნიერების მომტანია. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიზეზი, თუ რატომ არის ის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი.

1. ჩახუტება გაღიზიანებულ ბავშვს ამშვიდებს

ყველამ ვიცით, როგორ ახარებს ბავშვს ჩახუტება. ის გაღიზიანებულ და განერვიულებულ ბავშვს სწრაფად ამშვიდებს. კლივლენდის კლინიკის კვლევებით დადგინდა, რომ ძლიერ ჩახუტებას ტანტრუმის დროს ბავშვის დამშვიდება შეუძლია.​ ჩახუტების დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე ეცემა. როდესაც ბავშვს ეხუტებით, მისი კუნთები დუნდება, სისხლის ცირკულაცია კი უმჯობესდება. ეს ყოველივე ძლიერი ემოციების აღმოცენებისას ორგანიზმს ადეკვატური ფიზიოლოგიური რეაქციის აღმოცენებაში ეხმარება.

2. ფიზიკური შეხება ბავშვის შიშებს ამცირებს

ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რათა შფოთვისა და შიშის შემცირებაზე ფიზიკური შეხების გავლენა შეეფასებინა. კვლევებით დადგინდა, რომ თუნდაც რამდენიმე წამით ფიზიკურ შეხებას შფოთვის და შიშის შემცირება შეუძლია. მშობლებს შეშინებული ბავშვის დამშვიდება ხელის ჩაკიდებით ან ჩახუტებით შეუძლიათ. თქვენი ერთი შეხებაც კი ბავშვს აგრძნობინებს, რომ საშიში არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება.

3. ჩახუტებას ბავშვის დნმ-ის გაუმჯობესება შეუძლია

2017 წელს „განვითარებისა და ფსიქოპათოლოგიის ჟურნალში“ გამოქვეყნებული კვლევის ანალიზში საუბარი იყო მეცნიერთა დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ჩახუტებას ბავშვის ეპიგენომის შეცვლა შეუძლია. ​ბავშვები, რომლებსაც მშობლები ხშირად ეხუტებოდნენ მოზრდილ ასაკში გაუმჯობესებული ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ. ამასთან, ჩვილებს, რომლებსაც მშობლები იშვიათად ეფერებოდნენ, ხშირად აწუხებდათ ბიოლოგიური მოუმწიფებლობის პრობლემები, რაც მომავალში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი ხდებოდა.

4. ჩახუტება იმუნურ სისტემას აძლიერებს

ბავშვებს ხშირად აწუხებთ სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. იცოდით, რომ მათი იმუნიტეტის გაძლიერება უფრო ხშირი ჩახუტებითა და მოფერებითაც არის შესაძლებელი?! კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან, ვირუსული ინფექციებით იშვიათად ავადდებიან. ამასთან, თუ ისინი დაავადდებიან მსგავსი ინფექციით, მათთან ავადმყოფობა შედარებით მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.

5. ფიზიკური შეხება ბავშვის ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს

ჩახუტება ბავშვის ტვინის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. „Medical Daily” – ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რამდენიმე კვლევით დასტურდება, რომ ჩახუტება ბავშვის ტვინს მრავალმხრივ ავითარებს. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ​მშობლებთან ჩახუტების სიხშირე ბავშვის ტვინის ზომაზე ახდენს გავლენას. უკეთ განვითარებული ტვინი ბავშვს მეტად გონიერს ხდის და ის უფრო ემპათიურ ადამიანად ყალიბდება. უკეთ განვითარებულ ტვინს სწავლისა და შემეცნების მეტი შესაძლებლობა აქვს.

6. ჩახუტება ოქსიტოცინის გამომუშავებას უწყობს ხელს

ოქსიტოცინს სხვაგვარად სიყვარულის ჰორმონის სახელითაც ვიცნობთ. პენსილვანიის მედიცინის სკოლის დასკვნით, ხშირი ჩახუტება და კოცნა ბავშვის ძილს აუმჯობესებს, სტრესს ამცირებს, ხოლო გულს უფრო ჯანმრთელსა და ძლიერს ხდის.

7. ჩახუტება ბავშვს ემოციების რეგულაციის უნარის შეძენაში ეხმარება

​ბავშვები ემოციების რეგულირების უნარით არ იბადებიან, ისინი ამას მშობლებისგან სწავლობენ. ემოციური ბავშვის ჩახუტებისას მას არამხოლოდ დამშვიდებაში ეხმარებით, არამედ ის აცნობიერებს, რომ მას ემოციების რეგულაციის უნარი აქვს. ამგვარად ბავშვები სწავლობენ, რომ ყველაზე ძლიერი ემოციების გაკონტროლებაც შეუძლიათ. ისინი ნელ-ნელა აცნობიერებენ, როგორ უნდა გადალახონ ცხოვრებისეული სირთულეები.

8. ფიზიკური შეხება მშობელსა და შვილს შორის კავშირს აძლიერებს

ჩახუტების ყველაზე დადებითი შედეგი ის არის, რომ მისი დახმარებით თქვენსა და ბავშვს შორის არსებული კავშირი მყარდება. ჩახუტება ბავშვს აგრძნობინებს, რომ მას თქვენი ნდობა შეუძლია. ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც გეხუტებათ. ეს ყოველივე თქვენც გეხმარებათ, რომ შვილთან კავშირი განამტკიცოთ და თქვენი ურთიერთობა გაამყაროთ.

მომზადებულია​ moms.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად