Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოსტირება მოზარდობის ასაკში მოხდეს, რათა ავირიდოთ შორეული გართულებები,“- მეან-გინეკოლოგი მადლენა ხვიჩია

მეან-გინეკოლოგმა მადლენა ხვიჩიამ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის სიხშირე 5-დან 25%-მდეა. ეს ყველაფერი მოზარდობის ასაკიდან იღებს დასაბამს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკში მოხდეს მისი დიაგნოსტირება, რათა ავირიდოთ ის გართულებები შორეული, რაც ახასიათებს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს.

კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა. პირველი ნიშანი, რითაც ხშირად მოგვმართავენ, არის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, არის მენსტრუათაშორისი ინტერვალის გახანგრძლივება 38 და მეტი დღის ინტერვალით. ასეთ პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ჭარბი სისხლიანი გამონადენი, მენსტრუალური დღეების გახანგრძლივება. მოზარდების შემთხვევაში ვსაუბრობთ 7 დღე და მეტი, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში 8 დღე და მეტი შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანი ნიშანია ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული აკნე, ჭარბთმიანობა, უხეში, გრძელი, შავი თმების არსებობა სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ქალბატონებისთვის არ არის დამახასიათებელი, სახეზე, სარძევე ჯირკვლების დვრილების გარშემო და მუცლის წინა ხაზზე. ასევე არის საკვერცხის სტრუქტურული ცვლილებები, ხდება კაფსულის გასქელება, მასში მრავლდება სითხური ჩანართები, რის გამოც მას ეძახდნენ პოლიცისტურ საკვერცხეს. საკვერცხის მოცულობა გაზრდილია. უნდა აღინიშნოს ჭარბი წონა, რომელიც პოლიცისტური საკვერცხის შემთხვევაში მოზარდების დაახლოებით 50%-ში აღინიშნება.

მოზარდობის პერიოდი გოგონებისთვის ძალიან მგრძნობიარეა. ეს კლინიკური ნიშნები: ჭარბთმიანობა, ჭარბი წონა, აკნე, ემოციური თვალსაზრისით მათთვის დამთრგუნველია და შეიძლება თვითშეფასება დაბლა დაწიოს. მომავალში ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, დეპრესიასთან არის დაკავშირებული,“- მოცემულ საკითხზე მადლენა ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად