Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს დღისით ყველას უნდა ეძინებოდეს... ძალით ვერ დააძინებ ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

„არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს დღისით ყველას უნდა ეძინებოდეს... ძალით ვერ დააძინებ ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ძილის რეჟიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც დღისით არ იძინებენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს:

„დღისით ვიღაც ბავშვები არ იძინებენ. არ არის ასე, რომ 3-4 წლის ბავშვებს ყველას უნდა ეძინებოდეს, ან არ ეძინებოდეს. ძალით ვერ დააძინებ და ვერ გააღვიძებ. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ხვანცალებს, არ უნდა და არ იძინებს, ვანებებთ თავს. თუ გაძლო 10 საათამდე, არ არის პრობლემა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვმა ძილის თვითშებრუნება უნდა ისწავლოს:

„ბავშვმა ძილის თვითშებრუნება უნდა ისწავლოს. როგორც წესი, ბავშვები იღვიძებენ წყალზე. ვიღაცას ჩვევა აქვს, რომ მაწონი უნდა შეჭამოს ან რძე უნდა დალიოს. სხვანაირად ვერ იძინებს ბავშვი. ეს იმიტომ ხდება, რომ​ უსაფრთხოების განცდა არ აქვს ბავშვს. ისევ მივდივართ შფოთვასთან. რაც უფრო მაღალი აქვს ბავშვს შფოთვა, ეს კავშირშია ძილის პრობლემასთან.“

„ბავშვი ჩვენი ოთახიდან გარეთ გაგდებული არ უნდა გვყავდეს. ის ჯერ ჩვენს ოთახში უნდა იყოს და მერე ნელ-ნელა გადავიდეს თავის ოთახში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად