Baby Bag

„რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული,“- ფსიქიატრი რეზო კორინთელი

„რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული,“- ფსიქიატრი რეზო კორინთელი

ფსიქიატრმა რეზო კორინთელმა იმუნიტეტზე ფსიქიკური მდგომარეობის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„რა არის ეს იმუნიტეტი? ეს იმუნიტეტი არის ის, რომ ზოგს ჯანმრთელი სხეული აქვს და ზოგს სუსტი? რამდენად არის იმუნიტეტი დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობასთან? რა თქმა უნდა, ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ადამიანი, რომელიც შიშს არ აჰყვება, გონივრულად მოიქცევა, მისი იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია. ფსიქიკური მდგომარეობა განაპირობებს ჩვენი სხეულის მდგომარეობასაც. როდესაც ადამიანი მშვიდად არის, ის არ ეძლევა უარყოფითი აზრების ზეგავლენას. ბლოკავს ამას. უარყოფითი აზრი არის, რომ რაღაც ცუდი ხდება და შენ არაფერი არ გეშველება. ზოგი გეუბნება: „მალავენ, არ ამბობენ.“ უნდობლობის ვირუსს ავრცელებენ.

მაგალითად, იყო ასეთი მარშალი, ექიმი, რომელიც იყენებდა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებში ჯგუფურ თერაპიას. დისკუსიას აწყობდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს პაციენტები, ესაუბრებოდნენ, ვინ რა გააკეთა. ვინც ჯგუფს ესრებოდა, მათში ტუბერკულოზისგან განკურნებული პაციენტის რიცხვმა სამჯერ მოიმატა. ის აკონტროლებდა დადებით აურას, დადებით ატმოსფეროს ავადმყოფებს შორის. ფსიქიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“- აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუ დაიწყებთ ბავშვის ოცნებების მსხვრევას, პირიქით, მისი სურვილები და ინტერესები წაახალისეთ

ნუ დაიწყებთ ბავშვის ოცნებების მსხვრევას, პირიქით, მისი სურვილები და ინტერესები წაახალისეთ

მშობლები შვილებთან ურთიერთობისას შეცდომებს ხშირად უშვებენ. გაინტერესებთ, ართმევთ თუ არა თქვენს შვილებს ოცნებებს? თუ თქვენ ერთხელ მაინც გითქვამთ თქვენი შვილისთვის შემდეგი სიტყვები: „არა, ასე არაფერი გამოვა, მე გაჩვენებ, როგორ უნდა გააკეთო ეს სწორად,“ ან „ვიცი, რომ გამარჯვება გინდა, მაგრამ კონკურენციას ვერ გაუძლებ,“ ან „მწერლობაზე ნუ იფიქრებ, რთული საქმეა, რამე სხვა პროფესიაზე დაფიქრდი,“ ე.ი. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით.

დედები ცდილობენ რეალისტები იყვნენ და შვილები ცხოვრებისეული სირთულეებისთვის მოამზადონ, რის გამოც ისინი ბავშვებს ხშირად ტკენენ გულს გაუცნობიერებლად. ამასთან მშობლები თვლიან, რომ მათი ქცევა სავსებით გამართლებულია. ნაცვლად იმისა, რომ შვილებს პრაგმატული და მიწიერი მიზნები დაუსახოთ, მათი მისწრაფებები წაახალისეთ. არაფერია ცუდი იმაში, რომ ბავშვს ოცნებები ჰქონდეს. ადამიანი თუ მთვარისკენ ისწრაფვის, შესაძლოა, მან მიზანს ვერ მიაღწიოს, მაგრამ ვარკვლავებამდე მაინც მიაღწევს. სწორედ ამიტომ, ნუ დაიწყებთ ბავშვის ოცნებების მსხვრევას. პირიქით, მისი სურვილები და ინტერესები წაახალისეთ.

  • ნუ ეტყვით ბავშვს, რომ არაფერი გამოვა

ბავშვი თქვენთან ახალი იდეით თუ მოდის, მას არ უთხრათ , რომ არაფერი გამოუვა. სირთულეებზე კონცენტრირების ნაცვლად, ბავშვის ოცნებებში პოზიტიური მხარეები დაინახეთ. ბავშვს ძლიერ და სუსტ მხარეებზე ფრთხილად უნდა მიუთითოთ. თუ გსურთ, რომ ბავშვი სირთულეებისთვის მოამზადოთ, მას კითხვები დაუსვით და პასუხებამდე თავად მიიყვანეთ. თქვენი შვილი თვითონვე მიხვდება, თუ რა სირთულეები ელის ოცნებების ახდენის გზაზე. ჰკითხეთ ბავშვს, როგორ აპირებს ის მიზნის მიღწევას და რა დრო დასჭირდება მას ოცნებების ასახდენად.

  • ნუ იქნებით მეტისმეტად ფრთხილი მშობელი

რა თქმა უნდა, მშობლის მთავარი საზრუნავი შვილის უსაფრთხოებაა, მაგრამ ამის გამო ზედმეტი სიფრთხილე არ უნდა გამოიჩინოთ. თუ ბავშვს ექსტრემალური სპორტი იზიდავს, ის არ უნდა შეაშინოთ. ნუ ეტყვით თქვენს შვილს, რომ მსგავსი აქტივობებით ადამიანები იღუპებიან. თუ ასე მოიქცევით, მას ყოველთვის ყველაფრის შეეშინდება.

  • ნუ მოითხოვთ ბავშვისგან იმაზე მეტს, ვიდრე მას შეუძლია

თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ ის სპორტის ახალი სახეობითაა დაინტერესებული. თქვენ დაუყოვნებლივ იწყებთ ინფორმაციის შეგროვებას, პოულობთ სპორტულ წრეებს, შვილი სხვადასხვა შეჯიბრებაზე დაგყავთ და მისგან პირველობას ითხოვთ. ბავშვი ზედმეტად ისტრესება და სპორტისადმი ინტერესს კარგავს. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. თუ ასე მოიქცევით, ბავშვს მოტივაციას დაუკარგავთ.

  • ნუ ეცდებით, რომ ბავშვს ყველა ტკივილი აარიდოთ

ბავშვი თუ ისეთ რამეს გეგმავს, რაც მას არ გამოუვა, ნუ აღელდებით. მშობლები ცდილობენ, რომ შვილები წარუმატებლობისგან დაიცვან. მათ ეშინიათ, რომ ეს ბავშვებისთვის მძიმე გადასატანი იქნება. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღოს, მან მარცხი აუცილებლად უნდა გამოსცადოს. ბავშვს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცით.

  • ბავშვს მიმართულება მიეცით

თქვენი შვილი თუ მოვა და გეტყვით, რომ ის მწერლობაზე ოცნებობს, მის ოცნებებს ნუ დაამსხვრევთ. ნაცვლად ამისა, მას აუხსენით, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი მწერალი და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროფესია. თქვენს შვილს ურჩიეთ, რომ რომელიმე სფეროში კარგი განათლება მიიღოს, რათა შემოსავალი ჰქონდეს. თუ მას მატერიალური პრობლემები არ ექნება, წიგნზე მუშაობას მარტივად შეძლებს. ბავშვი მიხვდება, რომ თქვენ მას მხარს უჭერთ. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს, რომ ის კარგი მწერალი იქნება, თუმცა აუხსენით, რომ ეს მარტივი საქმე არ არის. თუ ბავშვის ოცნებებს არ დაამსხვრევთ, ის მიზნის მიღწევას გაცილებით ადვილად შეძლებს.

მომზადებულია ​imom.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


წაიკითხეთ სრულად