Baby Bag

„შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ ბავშვს მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ აქვს,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ ბავშვს მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ აქვს,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის განვითარებისთვის ჯანსაღი მიჯაჭვულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მიჯაჭვულობა უბრალოდ ის კი არ არის, რომ უბრალოდ მიწეპებული ხარ შენს გადამრჩენ დედიკოსა და მამიკოზე. მასთან რეციპროკული ურთიერთობა გასწავლის ნელ-ნელა შენი აფექტის რეგულაციას. ამ უსაფრთხო მიჯაჭვულობის საფუძველზე რეგულირდება ორგანიზმის ბიოლოგიური და ქცევითი სისტემები, ძლიერდება პოზიტიური ემოციები. ბავშვი სწავლობს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან უსიამოვნო და სასიამოვნო გამოცდილება, როგორ მიხვდეს, რომ ჯილდო მოჰყვება ქცევას. ბავშვის კოგნიტური განვითარება თავისთავად არ ხდება. შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ არის.“

თამარ გაგოშიძემ მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე ისაუბრა:

„მეტყველების განვითარებამდე მარჯვენა ჰემისფეროს გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი მარცვლებს ათი ან ზოგი რვა თვიდანაც იძახის. სიტყვის გამეორება, თქმა, სხვა ადამიანისთვის გაგებინება, მარცხენა ჰემიფეროს აქტიურ განვითარებასთან არის დაკავშირებული 1 წლის მერე. მანამდე ბავშვს ინტერაქცია აქვს გარემოსთან, ვითარდება მისი მეტყველებამდელი ინტელექტი. მას დამოკიდებულებებიც მშვენივრად უვითარდება. სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევა შეუძლია ბავშვს. 1-2 წლის განმავლობაში ხდება ჩვენს ემოციებზე პასუხისმგებელი სისტემის განვითარება.“

„დასწავლის პროცესს ხელს უწყობს პოზიტიური ემოციური ფონი, კორტიზოლის ნორმალური დონე. როდესაც შფოთვის დონე მაღალი გვაქვს, დასწავლას ეს ხელს ვერ უწყობს ვერანაირად. ახლის სწავლით მიღებული სიამოვნება იწვევს დაჯილდოვებაზე ორიენტირებული სისტემის აქტივაციას თავის ტვინში. რატომ არის კარგი სკოლა, კარგი საბავშვო ბაღი ზეიმი ბავშვისთვის?! ბავშვს კორტიზოლის დონე აქვს დაბალი, შფოთვა აქვს დაბალი, არ ეშინია შეცდომის დაშვების, წარუმატებლობის, უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მისთვის სწავლა და დასწავლაც კი არის ზეიმი. ბავშვს ჯერ აფექტური რეაგირება აქვს გარემოზე და შემდეგ ითვისებს ენობრივ კომპეტენციებს. ემოციური რეგულაცია ვითარდება გარედან შიგნით. დედა როდესაც გშია გაჭმევს, გცივა - გაცმევს, გარედან ხდება შენი აფექტის რეგულირება. როგორც კი მშობელზე ასეთი დამოკიდებულება აღარ მაქვს, თვითონაც შემიძლია ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყოველ მეხუთე ბავშვს შესაძლოა, აღენიშნებოდეს დეპრესია'' - რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო და რა სახით შეიძლება, გამოვლინდეს დეპრესია ბავშვებში?

,,ყოველ მეხუთე ბავშვს შესაძლოა, აღენიშნებოდეს დეპრესია'' - რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო და რა სახით შეიძლება, გამოვლინდეს დეპრესია ბავშვებში?
რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო, რა სახით შეიძლება, გამოვლინდეს დეპრესია ბავშვებში? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოთერაპევტმა ნუცა ვერხვიაშვილმა უპასუხა.

- რამდენად ხშირია დეპრესია ბავშვებში და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები?

- ზოგადად, თუ დეპრესიის საერთო მიზეზს გამოვყოფთ, ეს არის რაღაც მნიშვნელოვანის დანაკლისი, არამარტო ბავშვებში, ზრდასრულებშიც. როდესაც ადამიანისთვის რაღაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ოღონდ ეს რაღაც მის ცხოვრებაში ან საერთოდ არ არის ან მცირე დოზითაა. სტატისტიკურად ითვლება, რომ ყოველ მეხუთე ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს დეპრესია, რაც შეეხება ასაკს, შესაძლოა ნებისმიერ ასაკში ჰქონდეს ბავშვს დეპრესია, ახალშობილსაც კი - ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ კავშირშია მუცლადყოფნის პერიოდში არსებულ გარკვეულ სტრესოგენულ ფაქტორებთან, სამშობიარო გზების გავლის დროს აღმოცენებულ ტრამვებთან და ა.შ. რაც შეეხება შედარებით მოზრდილი ბავშვის დეპრესიის მიზეზებს, ეს არის: ოჯახური კლიმატი, მწვავე და ქრონიკული სტრესი, რომელშიც შეიძლება მოიაზრებოდეს უამრავი რამ, მათ შორის - საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ბავშვი ვერ ახერხებს სტაბილურობას და ვერ ასწრებს გარემოსთან ადაპტაციას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო?

- უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების განწყობას და აღზრდის პროცესს. დეპრესიის განვითარებას შეიძლება ხელს უწყობდეს შემდეგი ფაქტორები: თუკი ბავშვი იყო არასასურველი და დედა ორსულობის დროს ყოყმანობდა, რამდენად უნდოდა საერთოდ მისი დაბადება, ან თუკი მშობლებს უნდოდათ ვთქვათ, ბიჭი, ოღონდ დაიბადა გოგო, ასევე როდესაც მშობლები მუდმივად ცდილობენ ბავშვის ,,გადაკეთებას", მის კონკრეტულ ჩარჩოებში ჩასმას, ხშირად ადარებენ სხვა ბავშვებს (რომლებიც რაიმე კონტექსტში მასზე უკეთესად მოიაზრებიან), როდესაც ბავშვის მიმართ სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ მაშინ, როცა ის „კარგად“ იქცევა, ოღონდ თუკი ის „კარგად“ არ იქცევა, მას ან აიგნორებენ ან არაეკოლოგიურად ეპყრობიან - ამცირებენ, აუფასურებენ, სხვადასხვა ნეგატიური იარლიყით ამკობენ და ა.შ.

ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ემოციური სიახლოვე, ოჯახის წევრების თანაგრძნობა, თანადგომა, მხარდაჭერა, ყურადღება. ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ზუსტად ამ ყველაფრის ნაკლებობის გამო არიან დეპრესიისადმი მიდრეკილნი. აქ ხშირად მანკიერი წრე იკვრება ხოლმე - ერთის მხრივ, ხშირად მშობელი, რომელიც დაღლილია, ბავშვს თვითონ სთავაზობს მაგალითად, მობილურს, კომპიუტერს, რადგან მას არ აქვს შვილთან კომუნიკაციის დამყარების შინაგანი რესურსი. მეორეს მხრივ, საყვედურობს მას, რომ ამდენს ხანს ატარებს გაჯეტების გარემოცვაში, ეს საყვედურები და უარყოფითი ეპითეტები კი კიდევ უფრო დიდ უფსკრულს აჩენს მშობელსა და ბავშვს შორის, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ბავშვს იმისკენ, რომ მიეჯაჭვოს კომპიუტერს.

დაბალი თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია დეპრესიასთან, თუმცა დაბალი თვითშეფასება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის სიმპტომატიკა მაინცდამაინც დეპრესიის მიმართულებით განვითარდება.

- რა სახით შეიძლება, გამოვლინდეს დეპრესია ბავშვებში?

- დასკვნისთვის, რომ ბავშვს აქვს დეპრესია, 6 თვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს სიმპტომატიკა. მოზარდების შემთხვევაში ხშირია უხასიათობა, ამიტომ თუ ის ერთი კვირის განმავლობაში უხასიათოდაა და ამას გამოხატავს ტირილით, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის დეპრესიაშია. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან დეპრესიული და მანიპულაციური ტირილიც - მანიპულაციურ ტირილს აქვს კონკრეტული მიზანი - სასურველი რაღაცის მიღება და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ბავშვი მხიარული და ბედნიერია, დეპრესიული ტირილის შემთხვევაში კი ბავშვისთვის თითქოს ყველაფერი სულერთია, მას ისიც კი აღარ აინტერესებს, რაც მანამდე სურდა. დეპრესიის დროს ადამიანები არიან მიდრეკლნი თვითიზოლაციისკენ, აქვთ კომუნიკაციის დაქვეითება, ხშირად უმადობა, ძილიანობა ან პირიქით - უძილობა, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, უენერგიობა, უმოტივაციობა, უსარგებლობის შეგრძნება, დანაშაულის განცდა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აზრები სიკვდილზე და თვითმკვლელობაზე, აზროვნებისა და კონცენტრაციის დარღვევები, ასევე ფიზიკური ჩივილები - შეიძლება ეს იყოს თავისა და მუცლის ტკივილი. თუკი ბავშვს ხშირად აღენიშნება ტკივილი და მისი მიზეზი ვერ იპოვეთ ანუ თუ ეს არის ერთგვარი ,,უმიზეზო" ტკივილი, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბავშვს დეპრესიული ეპიზოდი აქვს.

- როგორ მოვიქცეთ დეპრესიულ ბავშვებთან, როგორ შევცვალოთ მათი განწყობა?

- პირველ რიგში მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კრიტიკა დეპრესიულ ეპიზოდში - კრიტიკა ამ შემთხვევაში არ მუშაობს, ხშირ შემთხვევაში კი უფრო ამწვავებს სიტუაციას. პირველ რიგში, რაც ბავშვს სჭირდება, ეს არის მშობლის თანადგომა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია თუ მშობელი ბავშვთან პატარა ასაკიდანვე ახერხებს ჰქონდეს გახსნილი ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს წარმოდგენა ჰქონდეს მშობელზე, როგორც ისეთ ადამიანზე, ვისთანაც მას შეუძლია თავი დაცულად იგრძნოს, შესაბამისად, ჰქონდეს განცდა იმისა, რომ როდესაც ის მშობელთან მივა და საკუთარ ემოციებს გაუზიარებს, მშობელი მას არ დატოვებს უპასუხოდ. თუ მსგავსი ურთიერთობა აქვს მშობელს შვილთან, ნაკლები შანსია, რომ ბავშთან განვითარდეს დეპრესია.

ხშირად ისე ხდება, რომ როდესაც ბავშვი გრძნობს ხასიათის ცვლილებას, როდესაც მას სევდა იპყრობს ან შიშის განცდა უჩნდება, ის საკუთარ თავს არ აძლევს ამ ემოციების გამოხატვის საშუალებას, ეს კი კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. თუკი მშობელი ამჩნევს ბავშვში დეპრესიულ ნიშნებს, აუცილებელად უნდა სცადოს ბავშვთან გასაუბრება.

მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს იმ აზრამდე, რომ დეპრესია არ არის სასირცხვილო მდგომარეობა. თუმცა ამისთვის პირველ რიგში ისაა აუცილებელი, რომ თავად მშობლისთვის არ წარმოადგენდეს დეპრესია რაიმე დასაძრახს.

ზოგადად, ემოციები ჩვენი ცხოვრების ჩვეული შემადგენელი ნაწილია, ეს მნიშვნელოვანი სიგნალებია, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს. აქედან გამომდინარე, თუკი ბავშვს აღენიშნება დეპრესია, ეს იმას ნიშნავს რომ ის საკუთარ ცხოვრებაში არსებულ გარკვეულ მოცემულობას აღიქვამს, როგორც გამოუვალს, უიმედოს და მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რასთან დაკავშირებით აქვს ბავშვს ეს წარმოდგენა და შემდეგ ამ საკითხზე მუშაობა.

გარდა მშობლის თანადგომისა, აუცილებელია ფსიქოთერაპევტის ჩართვა, რიგ შემთხვევებში კი - ფსიქიატრისაც.

დეპრესიას ადამიანი მარტო ყოფნით ვერ გაუმკლავდება, ამ დროს ბავშვს სჭირდება რესურსი, რომლიც მან უნდა მიიღოს გარედან, პირველ რიგში მშობლებისგან, მეგობრებისგან და ასევე, კვალიფიციური სპეციალისტისგან. 

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 

წაიკითხეთ სრულად