უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლის მხრიდან ბავშვის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის თვითშეფასებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია:
„თუ ადამიანი მშობლების გულს ვერ მოიგებს, მას განცდაში აქვს, რომ ვერასდროს ვერავის გულს ვერ მოიგებს. თუ მან ეს არ გააცნობიერა და არ შეცვალა, ძალიან ბევრს წვალობს. თვითშეფასება ყალიბდება ჩვენი დაცინვით, ხუმრობით, ნეგატიური შეფასებებით. ადრე იყო ასე, რომ არ უნდა აქო შვილი. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ გაფუჭდება, თავში აუვარდება. პიროვნების ქება არ არის საჭირო. პიროვნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. პატივი უნდა ვცეთ მას. შენ ჩემთვის ხარ ძალიან ძვირფასი. როდესაც კარგად იქცევი, ამას აღვნიშნავ. როდესაც ცუდად იქცევი, ამასაც აღვნიშნავ.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი კარგი ქცევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა წავახალისოთ:
„კარგი მოქცევის შემთხვევაში ბავშვი წახალისებული თუ არ არის, კარგი ქცევის ანულირება ხდება იგნორირების შედეგად. როგორ ხდება ქცევის გაქრობა საერთოდ? ერთი არის უარყოფა: არ დაგინახო, ეს მეორედ გააკეთო! მეორე არის მისი იგნორირება. როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება, თვითონ პიროვნებაზე, მასთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაში ქცევა ნელ-ნელა გაქრება.“
„ზოგიერთი ქცევა ძალიან აშინებთ მშობლებს: ეს არის წიკები, სექსუალური ტიპის თამაშები, რომელიც ბავშვებს აქვთ ხოლმე, რაც მშობელს აფრთხობს. უნდა დაიგნორდეს ეს ქცევა და უნდა გადავიტანოთ ყურადღება ბავშვზე. თუ მშობელი ეტყვის: „არ დაგინახო, მეორედ ეს გააკეთო! ცუდი ბიჭი ხარ! ასე არ იქცევიან“ და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს ქცევა დაფიქსირდება და იატაკქვეშეთში მიდის. ბავშვი კარადაში შეძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რასაც უშლიდნენ. ფაქიზია ბავშვთან ურთიერთობა. საჭიროა მასთან ერთად საუბარი, განსჯა. მას უნდა ვკითხოთ რაღაცები, რაზეც შეუძლია პასუხი გაგვცეს, რაც მას ეხება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.