Baby Bag

ყველასთვის საოცნებო სამსახური - ბრიტანული კომპანია ახალ თანამშრომელს 50 000 ფუნტ სტერლინგს საჩუქრად გადასცემს, ანაზღაურების სახით კი 35 000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობს

ყველასთვის საოცნებო სამსახური - ბრიტანული კომპანია ახალ თანამშრომელს 50 000 ფუნტ სტერლინგს საჩუქრად გადასცემს, ანაზღაურების სახით კი 35 000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობს
სამსახურის მაძიებლებს ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია წარმოუდგენელ პირობებს სთავაზობს: 50 000 ფუნტი სტერლინგი საყიდლებისთვის საჩუქრად, 35 000 ფუნტი სტერლინგი ანაზღაურების სახით, ამასთან დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ახალ თანამშრომელს სავარძლიდან წამოდგომაც კი არ დასჭირდება.

ცნობილი ინტერნეტ მაღაზია OnBuy.com ახალ კადრს ეძებს. წარმატებულ კონკურსანტს საჩუქრის სახით 50 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა, რომელიც მან საიტიდან სხვადასხვა ნივთის შეძენაში უნდა დახარჯოს. ახალი თანამშრომელი არჩევანში სრულებით თავისუფალია. მას შეუძლია აღებული ფულით ტექნიკა, სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები ან სასმელი შეიძინოს.

იღბლიანი კანდიდატი ყველა შეძენილ ნივთს თავის საკუთრებაში იტოვებს. კომპანიის ბოსები მისგან მხოლოდ იმას მოითხოვენ, რომ პროდუქტებზე მიმოხილვები დაწეროს, ინტერნეტ მაღაზიის ხარვეზები გამოავლინოს და საკუთარი სავაჭრო გამოცდილების შესახებ ანგარიშები მოამზადოს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებაში ნათქვამია: „წარმოიდგინეთ, რომ ხელფასს გიხდიან თქვენი ოცნებების ასრულებაში. თქვენ გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით. ინტერნეტ მაღაზია Onbuy.com შოპაჰოლიკებს საოცარ სამსახურს გთავაზობთ. თქვენ გეძლევათ 50 000 ფუნტი სტერლინგი, რომელიც საყიდლებზე უნდა დახარჯოთ. იშოპინგეთ მანამ, სანამ დაღლისგან გული არ წაგივათ. ამას გარდა, ანაზღაურების სახით 35 000 ფუნტ სტერლიგნსაც მიიღებთ. რაც მთავარია, ყველა შეძენილი ნივთი თქვენთან რჩება. თქვენ მხოლოდ წერილობით აფასებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ. წარმოიდგინეთ, რომ კარდაშიანი ხართ, მაგრამ უფრო მოქნილი გრაფიკი გაქვთ და არც კენიზე დაოჯახება გევალებათ. აუცილებელია, რომ ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების შეძენის ხანგრძლივი გამოცდილება გქონდეთ და შოპინგი გიყვარდეთ. თქვენ დისტანციურად იმუშავებთ და თავისუფალი გრაფიკი გექნებათ.“

Onbuy.com- ის დირექტორის თქმით, კომპანია მომხმარებლის აზრს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „ეს ვაკანსია იმიტომ გამოვაცხადეთ, რომ კომპანიაში არსებული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და მომხმარებლის რჩევები გავითვალისწინოთ. ამისთვის საკმაოდ დიდი თანხები გამოვყავით. ეს ყოველივე კი შესაძლებლობას მოგვცემს, უკეთ გავერკვეთ ჩვენი კლიენტების სურვილებსა და ინტერესებში.“ - ნათქვამია კომპანიის დირექტორის განცხადებაში.

მომზადებულია ​​thesun.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედები​ს ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

სისხლის გამათხიერებელი რეცეპტი, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ - თერაპევტ-დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილის რეკომენდაცია

სისხლის გამათხიერებელი რეცეპტი, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ - თერაპევტ-დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილის რეკომენდაცია

თერაპევტ-დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა იმუნური სისტემის გასაძლიერებელი და სისხლის გამათხიერებელი რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია:

„არამარტო იმუნური სისტემისთვის არის ეს რეცეპტი, ეს სისხლის გამათხიერებელია. იმაზე მეტად კი არ ათხიერებს სისხლს, ვიდრე ჩვენი ფიზიოლოგიური ნორმა მოითხოვს, არამედ გარკვეულ ბალანსს იცავს. დაგჭირდებათ ერთი კილოგრამი თაფლი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური. დავუმატოთ თაფლს ცალკე ხოცსაკეპ მანქანაში გატარებული ოთხი თავი ნიორი. ნიორი გავატაროთ სამ ცალ კანიან ლიმონთან ერთად, რომელსაც კურკები უნდა გამოვაცალოთ. შემდეგ ეს ნაზავი ჩავუშვათ თაფლში და დავუმატოთ კიდევ სამი ლიმონის მხოლოდ წვენი, კურკების გარეშე.ჯამში ჩვენ ექვსი ლიმონი გვჭირდება. მომზადებულ ნაზავს უნდა დავუმატოთ 200 გრამი სელის თესლი. მოვურიოთ კარგად.“

​თაფლი თუთიის და სხვა ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ნიორი არის სელენის ორგანული წყარო. ლიმონი C ვიტამინია და ანტიოქსიდანტია. სელის ზეთი E ვიტამინის ორგანული წყაროა. არის სისხლის გამათხიერებელი თვისების მქონე. მიღებული ნაზავის შესანახად მაცივარი არ დაგჭირდებათ. სადმე კარადაში გქონდეთ შენახული. დილას ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ერთი სუფრის კოვზი მიირთვით. საღამოს ვახშმის შემდეგ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ ერთი სუფრის ან დესერტის კოვზი. რომ ჩამთავრდება კურსი, მისი გამეორება აღარ დაგჭირდებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე ასმათ კევლიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ გადაცემაში „ჩვენებური სურნელი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენებური სურნელი“

წაიკითხეთ სრულად