Baby Bag

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ნივთები ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური იქნება, რათა საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს. გვანცელაძის ინფორმაციით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ამასთან, კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

კახა გვანცელაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდის შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.

გვანცელაძის განცხადებით, სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

გვანცელაძის თქმით, რეგულაციების შესრულება სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე

დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე

,,დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე,'' -აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლოსთვის შეიქმნას:

„იმდენად აქსელერირებულია სამეცნიერო წრეების მუშაობა, რომ სწრაფად შეიქმნას ვაქცინა ან წამალი, დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ალბათ, მოისმინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება, რომ შესაძლებელია, ამ წლის ბოლოს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა იყოს. მე მაინც მგონია, რომ ის, დიდი ალბათობით მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ ცხადია, უცბათ შვიდ მილიარდ ადამიანს ვერ ავცრით. ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შემქნაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად