თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. პროექტი ერთჯერადად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდება და ის ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლების ორი კვირით გადადებას უკავშირდება.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ისნის რაიონში მდებარე N182 ბაგა-ბაღში გაეცნო. საბავშვო ბაღში ახალი სააღმზრდელო წლისთვის 500-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული და პროდუქტების პაკეტს ყველა მსურველი მიიღებს.
„მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები ჯამში 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისის 183 საბავშვო ბაღში ამჟამად 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.