Baby Bag

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაეცანით ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

გაეცანით ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება.

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.

უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.

სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი. 

წაიკითხეთ სრულად