Baby Bag

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში კი - 12-მა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში კი - 12-მა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში კი - 12-მა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მან მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ამის შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.

„სასიხარულოა, რომ 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი მათემატიკაში. ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

წაიკითხეთ სრულად