Baby Bag

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთა მხარდაჭერის მიზნით იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს/ვებინარებს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შესახებ, იმ წამყვანი და მენტორი სტატუსის მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ წინაპირობას:

1) მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა;
2) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოპოვებული აქვთ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებით (მინიმუმ 50%), საგნის გამოცდის ჩაბარებით ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორის ხარისხით.

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, Teams-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით და დაინტერესებული პირები შეხვედრების განრიგს და ინსტრუქციას მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.

შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად სრულად შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით - ​სარეგისტრაციო ფორმა


წაიკითხეთ სრულად