Baby Bag

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ხაშურის სკოლის მოსწავლე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურის სკოლის მოსწავლე აშშ-ს  ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურის IV საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე გოგალაძე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას სკოლა თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს:

„ელენე გოგალაძემ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია: ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) , რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%- ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია : სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში. ჩვენო საამაყო და საყვარელო გოგო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალშიც უდიდეს წარმატებებს! გვჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ოჯახს, სკოლას და ქალაქს,“ - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად