Baby Bag

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის - 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის - 10%-ით, აღმზრდელის - 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის - 20%-ით, მუსიკის პედაგოგის - 10%-ით, ცეკვის პედაგოგის - 10%-ით, მზარეულის - 10%-ით, მზარეულის დამხმარის - 10%-ით, დარაჯის/დაცვის - 15%-ით, დამლაგებლის - 10%-ით, მრეცხავის - 10%-ით, საქმის მწარმოებლის - 10%-ით, სპეციალური პედაგოგის - 20%-ით, ფსიქოლოგის - 10%-ით, ლოგოპედის - 10%-ით, ბიბლიოთეკარის - 15%-ით, მუშის - 15%-ით, მებაღის - 15%-ით, მეეზოვის - 15%-ით, დირექტორის - 10%-ით, დირექტორის მოადგილის - კი 10%-ით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსისათვის საბუთების მიღება 24 აპრილიდან დაიწყება და 5 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2 ან C1) ან CELTA სერტიფიკატი;
  • ტესტური დავალებების შექმნაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ ხუთი წლის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ზოგად ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, კონკურსანტის ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების შერჩევა.

მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეები დაწერენ მცირე მოცულობის თხზულებას. კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც გაეცნობიან თხზულების შეფასების სქემასა და შეფასების კრიტერიუმებს.

მესამე ეტაპზე მონაწილეები შეაფასებენ იმიტირებულ საგამოცდო თხზულებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის დასკანერებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@naec.ge

ბრძანება N151-19 პ/შ.

წაიკითხეთ სრულად