თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. განახლებულ სააღმზრდელო პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში მდებარე N160 ბაგა-ბაღში გაეცნო.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ბავშვი იქნება შემოწმებული და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში:
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში პერსონალი 3 იანვრიდან იმყოფება და შესაბამის სამზადისშია. ორი დღის წინ დასრულდა ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის, დესინსექციისა და დერატიზაციის, ასევე გენერალური დალაგების სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი პატარებისთვის დაგვეხვედრებინა სუფთა, სტერილური და მოწესრიგებული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი იქნება შემოწმებული და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო”, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
ვირუსული ინფექციების საფრთხის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საინფორმაციო კამპანიით დაიწყო. ბაღის შესასვლელში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა აღსაზრდელების მშობლებს ვირუსების გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები. ინფორმაცია მოიცავს ვირუსებისგან მცირეწლოვანთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებსა და წესებს, ასევე რეკომენდაციებს აცრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.