Baby Bag

შეიძლება თუ არა, ბავშვის ერთი საჯარო ბაღიდან მეორეში გადაყვანა

შეიძლება თუ არა, ბავშვის ერთი საჯარო ბაღიდან მეორეში გადაყვანა

ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მართვის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძანდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო.

რეგისტრაციის ამ ეტაპზე შესაძლებელია ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, ვინც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს გაძლიერებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ შვილებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ:

„პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევთ, რომ თვითონ გაძლიერდნენ, მისაბაძი მაგალითები გახდნენ თავიანთი შვილებისთვის. ხანდახან ბავშვს სახლობანას ვათამაშებთ ხოლმე. მშობლის მოყოლა არ მინდა, რა ხდება სახლში. ყველაფერი ცხადია. ბავშვი ყველაფერს მოყვება როლებში, პირებში, ზუსტად იმ ტექსტებს იტყვის, რა ტექსტებიც ესმის. ბავშვისთვის მიბაძვა და ​მიბაძვით სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომ ვერ სწავლობს აუტისტური სპექტრის ბავშვი ენას? არ გამჩნევს, იმიტომ არა, რომ არ შეუძლია.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელს ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს, როდესაც შეცდომას უშვებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაღაც გვეშლება და ბავშვსაც რაღაც ეშლება, ტრაგიკული სახე ამას არ მივცეთ. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა, რომ უყვირე, რომ გამოხვედი წყობიდან. არ არის ეს შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის. შენ აძლევ მას მაგალითს, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. „თუ შეიძლება“ ხომ არ იცის და არ იცის. ვინ უნდა ასწავლოს ეს? უცხო საზოგადოებაში რომ შევა, ნივთს რომ მოკიდებს ხელს და აიღებს, რომ ვეკითხებით: „თუ შეიძლება?“ მერე ისიც იმეორებს. ​ასეთი რაღაცები დაკავშირებულია ეთიკურ განვითარებასთან.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღმა ბავშვს უპირველესად წესების დაცვა და ჯგუფში თანამშრომლობა უნდა ასწავლოს:

„ექვს წლამდე მოვიდა ბავშვი, ინტელექტი განუვითარდა, ​სოციალურად უკვე წარმოსახვით თამაშებს უნდა თამაშობდეს. სამი წლის ასაკში ბავშვს კარგი ფანტაზია აქვს. ემპათიას ბავშვი წარმოსახვითი თამაშით, ჯგუფური თამაშით სწავლობს, წესებს მიჰყვება. ექვსი წლისთვის ეს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. საბავშვო ბაღმა უნდა ასწავლოს ბავშვს წესის დაცვა, გჯუფში თანამშრომლობა. ბავშვები ფეხბურთს რომ თამაშობენ, ბურთს არ აწვდიან ერთმანეთს. რომ ეკითხები რატომ, ის გაიტანს გოლს და მე არ გამოვჩნდებიო, გპასუხობენ. ასე იზრდება ჩვენი თაობები.“

„სასკოლო მზაობა არ არის, რომ ბავშვმა წერა-კითხვა იცის. ახლა ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებმაც ორი წლის ასაკში იციან ციფრები, ასოები, წერა და კითხვა, მაგრამ რად გინდა?! კომუნიკაცია არ შეუძლიათ, წერონ და იკითხონ. სკოლისთვის მზაობა არის მითითების შესრულება, ჯგუფის წესების მიყოლა, მოთხოვნის შესრულება. მე რომ მინდა და ისე ვაკეთებ, მაგრამ რომ არ მინდა და მაინც ვაკეთებ, აი, ეს არის ის ნახტომი, რომელიც არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის. სკოლაში მე მოთხოვნით უნდა ვაკეთებდე რაღაცებს. მე უკვე ჩემს ქცევაზე ვარ პასუხისმგებელი და მაინტერესებს ​მასწავლებელი და მშობელი რას იტყვიან ჩემს მიღწევაზე. ეს არის ძალიან სასარგებლო და ძალიან საშიში პერიოდი. ჩვენ თუ არასწორი უკუკავშირი მივეცით ბავშვს, შეიძლება თვითშეფასება საერთოდ დავუგდოთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“

წაიკითხეთ სრულად