Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“

„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს. პატივს მივაგებ იმათ, ვინც ოდესმე მაღალ ფიქრსა და ქცევას გამოხატავდა ან გამოხატავს.

ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ჩემთვის არის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. ოთხივე ერთად ჩემი რწმენის ურყევი საფუძველია.

არასდროს ვიღლები ცხოვრებით, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს: ვკითხულობ, ვწერ, ვასწავლი ან ვცდილობ ადამიანის მიმართ სიყვარული და ზრუნვა გამოვხატო. ეს ბოლო ჩემი საყვარელი საქმიანობაა - ძალიან მიხარია, როდესაც ის იღიმება, ვინც მიყვარს.

დრო მთლიანია. სხვაგვარად ის არ არსებობს. სამყაროს დაბადების პირველი წამიდან ბოლო წამამდე ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და გამოხატავს. არავინ და არაფერია უერთმანეთო აზრით სავსე.

მთავარი, რაც ბავშვებს (და „დაგვიანებულ“ დიდებსაც) უნდა ვასწავლოთ, სწორედ ეს არის - მისი გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება. ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა.

სიბრძნე მარტივია და „სირთულეები“ არ სჭირდება.

ასწავლე, რომ ისწავლო.

ასწავლე, რომ სცადოს, სამყარო უკეთესი გახადოს.

ასწავლე, რომ ყოველდღე განვითარდეს.

ასწავლე, რომ უყვარდეს და სულ გრძნობდეს პასუხისმგებლობას.

ასწავლე, რომ არ არის საკმარისი, აღიაროს სიკეთე და პატივი მიაგოს მას - უნდა დაიცვას კიდეც.

ასწავლე, რომ საზრისის გარეშე სიცოცხლე არაფერია და ვერ გარდაიქმნება ცხოვრებად.

ასწავლე, რომ ზნეობას პაუზა და გამონაკლისები არ უხდება.

დღეს 2021 წლის 9 ივლისია და რაც აქ წერია, ყველაფერი მართალია.“

წაიკითხეთ სრულად