Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ

საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

​როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:
„2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

​ასევე პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1-ლ იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

​დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ხოლო სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს: გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვრის თვეში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად