Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება გაწერილი უნდა იყოს დროში - როგორ უნდა დაიწეროს გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება გაწერილი უნდა იყოს დროში - როგორ უნდა დაიწეროს გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის სტრუქტურას, მასწავლებელი ადგენს. გაკვეთილის გეგმას გაკვეთილის სცენარსაც უწოდებენ. 

გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის მიზანს, შესაბამის აქტივობებს, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას. გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება (როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლისა) გაწერილი უნდა იყოს დროში. 

სასურველია, რომ მასწავლებელმა წერილობით შეადგინოს გაკვეთილის გეგმა ანუ სცენარი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის, თუ რა მოხდება გაკვეთილზე: მასწავლებლის აქტივობები და მოსწავლეების მოსალოდნელი პასუხები. მაგალითად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოწეროს, თუ რა შეკითხვების დასმას აპირებს, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩართოს დისკუსიაში. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს წინასწარ დაწერილი გაკვეთილის სცენარის შეცვლაც (ანუ იმპროვიზაცია) უნდა შეეძლოს; 

გაკვეთილის გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების წინასწარი ცოდნა, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს ერთგვაროვანი. ასევე, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დაწყებისთანავე, მოსწავლეების მოტივაცია, საჭირო რესურსების არსებობა და ა.შ. 

მოსწავლეთა შესაფასებლად, მასწავლებელმა უნდა გამოყოს მიზნის მიღწევის კრიტერიუმები, ანუ მოკლედ აღწეროს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაკვეთილის მიზანი განხორციელებულად, შესაძლებელია მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფაც - ანუ შეფასების სქემის - რუბრიკის შედგენა. 

ასევე, საჭიროა მასწავლებელმა მოახდინოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი: რა შესრულდა მის მიერ შედგენილი გეგმიდან კარგად, რამ შეუშალა ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევაში და რა უნდა გამოსწორდეს მომავალში; 

არსებობს გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა სტრატეგია. ყველაზე ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი ჯერ გეგმავს გაკვეთილის სასწავლო მიზანს, შემდეგ ამ მიზნის მიღწევის შემოწმების ფორმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქტივობებსა და საჭირო რესურსებს.

იხილეთ ასევე:

შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში, რომელიც დადებითად შეფასდა

როგორ შევქმნათ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა - იხილეთ მაგალითი

რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები

გაუქმდება თუ არა უფასო ფაკულტეტები - მიხეილ ბატიაშვილის პასუხი

გასულ წლებში სკოლის გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეეძლებათ

განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს

რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით?

მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება

წაიკითხეთ სრულად