Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?

„აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასთან საუბარისას განაცხადა.

მან საგამოცდო პროცესის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოცდებზე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული:

„საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს - როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

წაიკითხეთ სრულად