Baby Bag

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

„თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები...“

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დედების ამაგთან დაკავშირებით საუბრობს და მათ გმირებს უწოდებს. გთავაზობთ ფოტოგრაფის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა. 

​​
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.

ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.

გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა. 

შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.

ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.

ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.

თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.

და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა. 

დედები არიან გმირები."

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

შეიძლება დაინტერესდეთ

9 რჩევა ბავშვის სიჯიუტის თავიდან ასაცილებლად

9 რჩევა ბავშვის სიჯიუტის თავიდან ასაცილებლად

ბავშვების მიუღებელ და ნაკლებად მოსაწონ ქცევას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყენილობაა. პატარები აცნობიერებენ, რომ ისინი მსგავსი ქცევებით დასახული მიზნის მიღწევას ახერხებენ. ხშირად ბავშვის მიუღებელი ქცევის მიღმა ძალაუფლების მოპოვების ფარული სურვილიც დგას. ჩვენს სტატიაში 9 სასარგებლო რეკომენდაციას შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით​ ბავშვის სიჯიუტისა და ნეგატიური ქცევისადმი მიდრეკილების პრევენციას შეძლებთ.

1. ბავშვს რთულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება ასწავლეთ

ბავშვები მშობლების ქცევების გამეორებისკენ საოცარ მიდრეკილებას ავლენენ. თქვენს შვილს საკუთარი ქცევებით უნდა აჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. თუ ბავშვი ისტერიკას აწყობს, იმიც ნაცვლად, რომ მას უყვიროთ, მშვიდად ესაუბრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ჩათვლის, რომ მსგავს ვითარებაში ყვირილი ნორმალური მოვლენაა.

2. ბავშვს ყოველთვის შესთავაზეთ არჩევანი

ბავშვისთვის არჩევანის შეთავაზება მას ილუზიას უქმნის, რომ ყველაფერს თავად აკონტროლებს. ​თუ ბავშვმა სათამაშოები უნდა დაალაგოს, ამასთან კბილებიც გასახეხი აქვს, ჰკითხეთ მას, რის გაკეთებას ისურვებდა თავდაპირველად.

3. ყოველთვის თან ატარეთ მსუბუქი ხემსი

ბავშვის ცუდი ქცევის მიზეზი ხშირად შიმშილია. თუ ბავშვთან ერთად გარეთ გადიხართ, მსუბუქი ხემსი ჩანთით წაიღეთ. თუ ბავშვს მოშივდება, მას გემრიელ ხემსს შესთავაზებთ, რაც თქვენს შვილს განწყობას მარტივად გამოუკეთებს.

4. ბავშვს მისი ქცევის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე წინასწარ გაესაუბრეთ

როდესაც ბავშვი გეკითხებათ, რატომ უნდა დაგიჯეროთ, როდესაც გარკვეული ქმედებისკენ მოუწოდებთ, არასდროს უპასუხოთ: „რომ გეუბნები, გააკეთე!“ ყოველთვის აუხსენით ბავშვს, რატომ არის მიუღებელი მისი კონკრეტული ქცევა. თქვენს შვილს მისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე ესაუბრეთ, რათა მან მომავალში დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავოს.

5. წერილობით ჩამოაყალიბეთ დღის განრიგი. დააჯილდოვეთ ბავშვი, როდესაც თქვენს თხოვნას შეასრულებს

ბავშვს საინტერესო და მრავალფეროვანი რუტინის ჩამოყალიბებაში დაეხმარეთ. ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროს ეკრანთან, რეგულარულად გაიხეხოს კბილები. ბავშვს უთხარით, რომ თუ ის რუტინას ერთი თვის განმავლობაში უერთგულებს, თქვენგან ჯილდოს აუცილებლად მიიღებს.

6. მიუღებელ ქცევას თქვენგან ლოგიკური და ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს

თუ ბავშვი ბოსტნეულს არ მიირთმევს, მას დესერტი არ მიართვათ. თუ ბავშვი უარს ამბობს სათამაშოების ალაგებაზე, დღის განმავლობაში ამ სათამაშოებით თამაშის უფლება არ მისცეთ. ​დასჯა არასდროს უნდა იყოს არალოგიკური. თუ ბავშვი საკვების მირთმევაზე უარს ამბობს, მას ეზო არ უნდა დაალაგებინოთ.

7. ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ

ამერიკის პედიატრთა აკადემიის დასკვნით, ბავშვები ზოგჯერ ცუდად მხოლოდ იმის გამო იქცევიან, რომ მოწყენილები არიან და არ იციან, რა გააკეთონ. ასეთ დროს ბავშვს გასართობი უნდა გამოუნახოთ. მისი ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე გადაიტანეთ.

8. ბავშვს აუცილებლად ჰკითხეთ აზრი კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზების შესახებ

თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, მასთან ერთად განიხილეთ სირთულეებთან გამკლავების გზები. თქვენს შვილს აუცილებლად ჰკითხეთ აზრი პრობლემის მოგვარების გზების შესახებ. თუ ბავშვს თქვენს კითხვებზე პასუხი არ აქვს, მას ამ პასუხის პოვნაში დაეხმარეთ. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მას თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების მოგვარება.

9. ბავშვის ემოციური მდგომარეობა სწორად შეაფასეთ და მისი დახმარება სცადეთ

ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი მიუღებელ, ცუდ საქციელში დაადანაშაულოთ, ​მისი ემოციური მდგომარეობის გაანალიზება სცადეთ. თუ ბავშვს წვიმიან ამინდში გარეთ გასვლა უნდა, უთხარით, რომ მისი სურვილი თქვენთვის გასაგებია, თუმცა ამინდი ხელს გიშლით გარეთ გასვლაში. ბავშვს დაპირდით, რომ მოგვიანებით გარეთ აუცილებლად გაიყვანთ.

მომზადებულია ​brightside.me -ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად