Baby Bag

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შესახებ ისაუბრა:

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს...

პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი...

შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან...

გადიან დღეები, დასაფლავება... ხალხის გასტუმრება... დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან...

მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას...

ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა...

და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე...

,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!

ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,

მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული...

მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!

შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი...

საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!

ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!"

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთელ ქვეყანას ვეტყოდი, რომ რაც მე დამემართა, შეიძლება ყველას დაემართოს, თუ ყურადღებით არ იქნებიან,“- რამაზ დავლაძე

„მთელ ქვეყანას ვეტყოდი, რომ რაც მე დამემართა, შეიძლება ყველას დაემართოს, თუ ყურადღებით არ იქნებიან,“- რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძემ, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის გამო ოთხი ოჯახის წევრი დაკარგა, საზოგადოებას მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, როდესაც ვიღაც რაღაცას აშენებს, ეს თითოეულ ადამიანს გვეხება:

​ადამიანები ასე არ უნდა იღუპებოდნენ, ასე გაურკვეველ ვითარებაში. იქ, სადღაც ვიღაც რაღაცას აშენებს, ის მე არ მეხება, - ეს არ არის სწორი. ის თითოეულ ჩვენგანს გვეხება. თუ ვინმე რაღაცას ტეხავს პირველ სართულზე, ან თუნდაც რაღაცას აშენებს, მე ვფიქრობ, ყველა ადამიანის ვალია, რომ მოიკითხოს, ჩაწვდეს რამდენად სამართლიანად მიდის ეს საქმე.“

„მე არ მეხება და გაუარო გვერდით, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი არ არის. იქ ხალხი ცხოვრობს. მე მინახავს შენობებზე მიშენებები, რაღაც რომ ვერ ჩაატიეს და იმ მიშენებებზე კიდევ მიაშენეს. მთელ ქვეყანას ვეტყოდი, ეს მე რომ დამემართა, შეიძლება ყველას დაემართოს, თუ ყურადღებით არ იქნებიან,“- აღნიშნულ საკითხზე რამაზ დავლაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

წყარო: ​„ნოესთან“

წაიკითხეთ სრულად