საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები
მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგებიან. ამ კუთხით ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან 90 დღის განმავლობაში ადამიანების 20 %-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები უვლინდება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს უმეტესად შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და ინსომნია აწუხებთ. მკვლევარების მტკიცებით, კოვიდ-19 ზრდის დემენციის განვითარების რისკებს.
მეცნიერები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებენ და მედიკოსებს ურჩევენ სასწრაფოდ გამოძებნონ პრევენციის გზები და სამკურნალო საშუალებები განკურნებული პაციენტების დასახმარებლად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 000 -ზე მეტ განკურნებულ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდათ, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან პირველი სამი თვის მანძილზე ყოველი 5 განკურნებული პაციენტიდან ერთს შფოთვა და დეპრესია აღენიშნება. აღნიშნული სამი თვის განმავლობაში სხვა ადამიანებთან შედარებით კოვიდ-19-ისგან განკურნებულებს ორჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზს.
კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების 65%-ით მეტი რისკი აქვთ. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინზე. ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკსაც ზრდის.
ის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ით დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ, ლონდონის კინგსის კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. კოვიდ-19 ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.