საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს. როგორც ის ფეისბუქის გვერდზე წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა - აქვს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი მეუღლე, ანა თოფურია, თავს უკეთ გრძნობს. გთავაზობთ თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ წერილს:
„ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე.
მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ...
სულ ეს არის და ეს...
გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას...“ - წერს თენგიზ ცერცვაძე.