საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ქალები მამაკაცებთან შედარებით 8 წლით დიდხანს ცხოვრობენ - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რაოდენობას 4 614 კაცით აღემატებოდა.
პუბლიკაციის თანახმად, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.1 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 51.9 პროცენტი ქალია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება 8.5 წელს შეადგენს.
2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგინა 74.0 წელი, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.7, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელი.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია (2 322.5 კაცი 1 კვ.კმ.-ზე) სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე მცირე მოსახლეობა ცხოვრობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (29.7 ათასი კაცი) და მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე არ აღემატება 7 კაცს.