საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.
A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ამჟამად ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.