ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ჰონგ კონგის სკოლებში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
ჰონგ კონგის სკოლებში კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰონგ კონგის უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი განათლების ასისტენტ-პროფესორი ნუცა კობახიძე წერს.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ჰონგ კონგის სკოლები არდადეგებზე იყვნენ, როცა კორონავირუსის აფეთქება მოხდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 3 თებერვლის ნაცვლად სწავლა 17 თებერვალს განახლებულიყო. სიტუაციიდან გამომდინარე ეს თარიღი გადაიწია 3 მარტამდე და ახლა უკვე 20 აპრილამდე. დაიხურა ყველა გასართობი ცენტრი, დისნეილენდი, ოკეანის პარკი, სპორტული, მუსიკალური და ყველა სხვა სახის წრე.
სწავლა რომ არ შეფერხებულიყო, მთავრობამ გამოაცხადა პროგრამა „Suspending classes without suspending learning“ („სკოლების დახურვა სასწავლო პროცესის შეჩერების გარეშე“) და მოუწოდა სკოლებს, რა საშუალებითაც შეეძლოთ, ხელი შეეწყოთ სწავლის გაგრძელებისათვის. ცენტრალურად არ დაგეგმილა რომელიმე პროგრამის გამოყენება, სკოლებს მისცეს არჩევანი.
საკუთარი რესურსიდან გამომდინარე, სკოლებმა მოსწავლეებს სხვადასხვა ფორმით შესთავაზეს დისტანციური სწავლება. რესურსებით მდიდარმა საერთაშორისო სკოლებმა და ადგილობრივმა ელიტურმა სკოლებმა ყველაზე სწრაფად იმოქმდეს და სინქრონული სწავლება შესთავაზეს შემდეგი პროგრამებით:
Google classroom Google hangouts Google meet Explain Everything Whiteboard Zoom Seasaw Epic
ბევრ საერთაშორისო სკოლაში, ყოველდღიურ სწავლებაში ისედაც იყენებდნენ ამ პროგრამებს და ლიცენზიებიც აქვთ (დანის სკოლაშიც, მათ შორის), ამიტომ არც ბავშვებს და არც სკოლებს იმდენად არ გაჭირვებიათ ვირტუალურ რეჟიმში გადასვლა. ზოგიერთმა სკოლამ, ვინც ამდენი ვერ შეძლო, სკოლის ვებგვერდზე სასწავლო მასალების რეგულარად ატვირთვა დაიწყო, ზოგი იმეილს იყენებს, ზოგიც - whatssup-ს, Skype-ს და ზოგიერთმა სკოლამ დავალებების ფოსტით გაგზავნა დაიწყო.
ჩემი გამოცდილებით, Google classroom ყველაზე მოქნილი სისტემაა, რაც გამომიყენებია. საშუალებას იძლევა მოსწავლეთა ონლაინ დასწრებაც კი აღწეროს. მოსწავლეები დავალებას ასრულებენ Google doc-ში და ონლაინ პირდაპირ ტვირთავენ. მასწავლებლები ონლაინ კომენტარებს უწერენ და შეფასებასაც აძლევენ. ზოგიერთ დავალებას სჭირდება (მაგ. ექსპერიმენტების ჩატარებას მეცნიერებებში, ან ჩინურში იეროგლიფების გამოწერისას) ვიდეოს ან ფოტოს გადაღება და ატვირთვა. მობილური ტელეფონით ვიღებთ ხოლმე და Google drive-ზე ვტვირთავთ. დანის (მესამე კლასი) ასევე უტარდება ფიზკულტურის გაკვეთილი! მასწავლებელი აგზავნის სიას, როგორ უნდა ივარჯიშოს მოსწავლემ და რამდენჯერ, აღვრიცხავთ და ონლაინ ვაცნობებთ სკოლას.
პრობლემები
ადგილობრივი სკოლის ბევრი მასწავლებლისთვის უცხოა ასეთი ტიპის სწავლება და გაუჭირდათ ადაპტაცია. მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას არ აქვს საკუთარი კომპიუტერი. მოსწავლეთა ნაწილს, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, არ აქვს შესაბამისი უნარები იმისთვის, რომ ონლაინ სკოლაში დამოუკიდებლად ისწავლოს. ამიტომ გადამწყვეტია მშობელთა ჩართულობა. მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობენ, დამატებითი თავსატეხი გაუჩნდათ და ძალიან წუხან. ასევე ჩივიან იმაზე, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ხშირად წყინდებათ ონლაინ-გაკვეთილები, გარბიან სამზარეულოში და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების ონლაინ სწავლების ცენტრები ეხმარებიან სკოლებს ამ პროცესში. მოკლედ, მთელი საზოგადოება ჩართულია ამ პროცესში.
ეს არ არის იოლი. თუმცა, მშობლების, სკოლების და მთავრობის დიდი ძალისხმევით სწავლების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
პ.ს. მე აღვწერე ჰონგ კონგში, რაც ხდება. რაც შეეხება ჩინეთს, იქ სულ სხვა განათლების სისტემაა. მთავრობამ გაკვეთილების ტრანსლაცია დაიწყო ტელევიზიებით და შექმნა „ქლაუდის ეროვნული სასწავლო პლატფორმა“. მოკლედ, ეგ ცალკე თემაა,“ - წერს ნუცა კობახიძე.