ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპი?
რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპი, - აღნიშნულ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას:
„ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. გრიპს COVID-19-თან შედარებით, აქვს შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) და სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). მიჩნეულია, რომ COVID-19-ის სერიული ინტერვალი 5-6 დღეს შეადგენს, ხოლო გრიპის შემთხვევაში - 3 დღეს. ეს ნიშნავს, რომ გრიპი COVID-19-ზე სწრაფად ვრცელდება.
დამატებით, ტრანსმისია ავადობის პირველ 3-5 დღეს ან პოტენციური პრე-სიმპტომური ტრანსმისია (ვირუსის ტრანსმისია სიმპტომების გაჩენამდე) წარმოადგენს ძირითად მამოძრავებელ ფაქტორს გრიპის გავრცელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გავრცელდეს დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე, ამჟამად, აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რეპროდუქციის ციფრი / კონტაგიოზურობის ინდექსი (ერთი შემთხვევიდან რამდენი მეორადი შემთხვევის გამოწვევა არის შესაძლებელი) COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ორივე დაავადების შემთხვევაში შეფასება კონტექსტის და დროის ფაქტორის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ართულებს პირდაპირი შედარების შესაძლებლობას.
ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის საზოგადოებაში გასავრცელებლად. COVID-19-ის შემთხვევაში, ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, ბავშვებზე, ზრდასრულებთან შედარებით, დაავადება ნაკლებ ზეგავლენას ახდენს და კლინიკური დაზიანებადობის მაჩვენებელი დაბალია 0-19 ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადების გავრცელება ხდება მოზრდილებიდან ბავშვებზე და არა პირიქით.
მაშინ, როდესაც ორი ვირუსული დაავადების მიერ გამოწვეული სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, მძიმე ავადობის შემთხვევაში გარკვეული თავისებურებები მაინც არსებობს. COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% მძიმედ მიმდინარეობს და ოქსიგენოთერაპიას საჭიროებს, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არის აუცილებელი. ეს ნაწილი, მძიმე და კრიტიკული შემთხვევების, სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება ვიდრე ეს შეიმჩნევა გრიპის შემთხვევაში.
გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი არის ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში. COVID-19-ის შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.
COVID-19-ის ლეტალობა გრიპის ლეტალობაზე მაღალია, განსაკუთრებით სეზონურ გრიპთან შედარებით. COVID-19-ის ჭეშმარიტი სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილობის უხეში მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევები გაყოფილი სულ ანგარიშგებულ შემთხვევებზე) 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევეის რაოდენობა გაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობაზე) სავარაუდოდ უფრო დაბალი აღმოჩნდება. სეზონური გრიპის სიკვდილობა ჩვეულებრივ 0.1%-მდეა. ლეტალობა მეტწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და მის ხარისხზე,“ - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)