Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.

წაიკითხეთ სრულად