„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 508, აჭარაში -1 328. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში - 16 826, იმერეთში - 4 385“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.