„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა და იგი ჰოსპიტალიზებულია, - ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
„აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.
იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი„ ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.
რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს - ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.