ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ, თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების შესწავლა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტისთვის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობა.
მოსმენაში მონაწილე ქალთა ორგანიზაციებმა ისაუბრეს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: სახელმწიფო, მუნიციპალური, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების შესახებ მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება, ქალის როლისა და მდგომარეობის მიმართ კვლავ არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, ოჯახის ქალის ორმაგი დატვირთვა და აუნაზრაურებელი შრომა, ციფრული უნარ-ჩვევების სიმწირეზე, მეწარმეობის წამოსაწყებად არახელსაყრელი გარემო (მაღალი საბანკო სესხები და მოუქნელი უზრუნველყოფის საშუალებები, მაღალი გადასახადი, ქალთა საკუთრებაში უძრავი ქონების და მიწის აქტივების სიმწირე, შესაბამისი უნარების არ ქონა).
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვერაში ქალთა ფონდი "სოხუმის" წამომადგენელი - ეკატერინე გამახარიაც იღებდა მონაწილეობას. მან თავის მოხსენებაში ფოკუსი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ რესურსებზე ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების, სიღარიბესთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, არამედ მას ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის საქმეში უდიდესი დატვირთვა აქვს.
მისი აზრით, “დღეს, არა საუბრების, არამედ კონკრეტული მოქმედებების დროა! რადგან ვიდრე ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვბჭობთ, ქალების დიდი ნაწილი უშუალოდ უპირისპირდება უთანასწორობას, ძალადობას, დრომოჭმულ სტერეოტიპებს და ეკონომიკური დამოკიდებულების მთელ სიმწარეს... ბევრ მათგანს უწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისთვის... მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ძალადობასთან ბრძოლა, და მგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის შენება“...- განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.
შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.