ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს - გაიგეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია გიორგი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
წმინდანი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. სწორედ ამიტომ მისი სახელი ძალიან გავრცელებულია საქართველოში.
ნახეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია სახელად გიორგი - სტატისტიკას 08 ჯგუფი აქვეყნებს