Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’

,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ორსულ ქალბატონებს განსაკუთრებული სიფთხილისკენ მოუწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. როგორ უნდა შევუქმნათ მათ ნაკლებად სტრესული გარემო, რომ მარტივად გაუმკლადნენ პანდემიას, აღნიშნულის შესახებ ​MomsEdu.ge ფსიქოლოგ მედიკო ოქროაშვილს ესაუბრა:

„ორსულ ადამიანს ორმაგი სტრესი და პასუხისმგებლობა აქვს, რადგან მას საკუთართან ერთად, ნაყოფის ჯანმრთელობაზეც უწევს ფიქრი, ამასთან, ის ორმაგად ბრძოლისუნარიანია. სწორედ ამიტომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ორსული შეძლებს ამ ვირუსთან გამკლავებას. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას ორსული ადამიანის წინაშე, ვალდებულები ვართ, მოვარიდოთ ნეგატიურ განწყობას, მუდმივად არ ვესაუბროთ იმაზე რომ, მეტად ფრთხილად უნდა იყოს, არ დავძაბოთ და სტრესში არ ვამყოფოთ ამის გამო. მივანდოთ მას საკუთარი თავი, რადგან ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც. აუცილებელია, ორსულებმა სტრესის მოხსნის მიზნით, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, დღეში ერთხელ ცოტა ხნით მაინც გავიდნენ სუფთა ჰაერზე, უახლოეს სკვერში, ბუნებაში, სადაც თავისუფლად სუნთქვას შეძლებენ. ეს ნამდვილად დაეხმარება მათ,“- აღნიშნავს მედიკო ოქროაშვილი.

ავტორი: სოფიო შავაძე

წაიკითხეთ სრულად