Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გარკვეული შეზღუდვები ისევ დაგვჭირდება, მათ შორის, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“ - ამირან გამყრელიძე

„გარკვეული შეზღუდვები ისევ დაგვჭირდება, მათ შორის, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოს, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწევს მკაცრი შეზღუდვების გამეორება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა:

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხროვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება. ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ ეს მოკლევადიანი შეზღუდვები, მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა და ა.შ. - ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად