„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მარნეულში 15 წლის გოგო 3 კაცმა გაიტაცა, ერთ-ერთმა კი გააუპატიურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგო 3 კაცმა გაიტაცა, ერთ-ერთმა კი გააუპატიურა.
უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.