„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
33 ათასზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს
ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ათას ქულამდე კატეგორიაში, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
პრემიერის განცხადებით, ჯამში ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.