Baby Bag

უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება წლის ბოლომდე იგეგმება

უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება წლის ბოლომდე იგეგმება

უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 60-მდე დასახელების წამალი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეთა ჯგუფები, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე და საბოლოო ჯამში 60 დასახელების მედიკამენტი“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს,“ - ნანა ტატიშვილი

„ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს,“ - ნანა ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა იმ სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. მისი თქმით, ასეთ დროს ბავშვის აქტივობა ჩვეულებრივი არ არის:

„ბავშვს როდესაც რამე სერიოზული პრობლემა უჩნდება, ის უარს ამბობს კვებაზე, დუნდება, მისი აქტივობა არ არის ჩვეულებრივი. ეს არის განგაშის ნიშანი. რაც შეეხება თავის ტკივილს, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ბავშვის თავის გარშემოწერილობის ზრდა. ბავშვთა ასაკში თავის ტკივილი შეიძლება იყოს მხოლოდ ქალასშიდა წნევის მატებით, რაც, საბედნიეროდ, არის ძალიან იშვიათი. ​ის არის ძალიან ადვილად შესამჩნევი პედიატრიული ვიზიტის დროს. ამ დროს თავის ზომა გარშემოწერილობაში იზრდება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ეს ნორმას შეეფერება.“

ნანა ტატიშვილმა აღნიშნა, რომ ქალასშიდა წნევის მატებისას ყიფლიბანდი იჭიმება და ამოიბურცება:

„ყიფლიბანდის შესახებ ბევრია ხოლმე მშობლებისგან ჩივილი, წუხილი, სხვადასხვა მითები. თუ არის ქალასშიდა წნევის მატება, ნამდვილად იზრდება თავის გარშემოწერილობა, ყიფლიბანდი ამოიბურცება, იჭიმება. როგორც კარგად გაბერილი ბუშტი, რომლის ხელით ჩაზნექა ჩვენ გვიჭირს, ასეთი ხდება ყიფლიბანდი. ეს შემთხვევები არის ძალიან იშვიათი, საბედნიეროდ. მათ სჭირდებათ მხოლოდ ნეიროქირურგიული მკურნალობა. ​ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. პედიატრიული ვიზიტის დროს პედიატრები ზომავენ თავის გარშემოწერილობას. თუ ის ნორმის ფარგლებშია და მშობელს მხოლოდ ის აწუხებს, რომ ბავშვის ტირილის დროს ყიფლიბანდი ამოიბერება ან ფეთქავს, ეს ნორმაა.“

„რაც შეეხება ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვების თავის ტკივილს, ითვლება, რომ ​ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს. შესაძლებელია ამის უკან იმალებოდეს ნერვული სისტემის სერიოზული დაავადება. თავის ტკივილი ძალიან ხშირია, მაგრამ მისი 1 %-ია საშიში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბავშვი თავის ტკივილის გამო წყვეტს თამაშს, მოქმედებას, წავა და დაწვება, ან თუ ამ თავის ტკივილს მოჰყვება ღებინება. ეს არის განგაშის საფუძველი და აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ტატიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად