Baby Bag

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების ტემპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პანდემია მოსალოდნელი არ არის:

„არსებული მონაცემებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს. ამას რამოდენიმე ახსნა აქვს: მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი ვირუსი, არსებობს საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინები, რომელიც ამ ჯგუფის ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არსებობს სამკურნალო საშუალებებიც. მაიმუნის ყვავილს არ აქვს ის უნარი, რომელიც ჰქონდა კორონავირუსს, რომ ადვილად გავრცელდეს და მოკლე ვადაში მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება.

არაენდემურ კერებში, თუ არ ვცდები, მაქსიმუმ 2000-მდე შემთხვევა გვაქვს ერთი თვის განმავლობაში. პირველ რიგში, გავრცელების გზებში ყველაზე მნიშვნელოვანია მჭიდრო და ახლო კონტაქტი ინფიცირებულთან. თუ დაინფიცირებული ადამიანის გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ეს ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, არის რისკები, რომ დავინფიცირდეთ. მაიმუნის ყვავილი გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით და მჭიდრო, ახლო კონტაქტით. ასევე შეიძლება დავინფიცირდეთ დაავადებული ცხოველისგან, თუმცა ძირითადად მაინც ჭარბობს ადამიანიდან ადამიანზე გადადება,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად