Baby Bag

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვს ტირილის შეკავებას ვთხოვთ, ვარღვევთ ადამიანის ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ პროცესებს,“ - ფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი „იმედის დღეში“ მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს. ის უფროსებს ურჩევს ბავშვს ტირილის შეკავებისკენ არ მოუწოდონ:

„ტირილი ცუდია თუ კარგი, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ის ისეთივე ფიზიოლოგიური მოვლენაა, როგორიც ცრემლდენა წიწაკის ჭამის დროს. წარმოიდგინეთ, ამ დროს ადამიანს რომ უთხრათ, ცრემლი არ წამოგივიდესო. დაახლოებით ასეთივე პროცესია, როდესაც გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაში ადამიანს მოსდის ცრემლები. შესაბამისად, როდესაც ბავშვს ტირილის შეკავებას ვთხოვთ, ვარღვევთ ადამიანის ბუნებრივ. ფიზიოლოგიურ პროცესებს. როდესაც ბავშვს ან ზრდასრულს ცრემლები მოსდის, ორგანიზმი ამას ითხოვს. ამის შეკავება იწვევს ემოციების შეკავებას, არ გაზიარებას. მე თუ ცრემლი უნდა შევიკავო, რა უნდა შევიკავო? ის, რაც მაწუხებს, ის, რაც მეთვლება სისუსტედ. სამწუხაროდ, თითქმის ყველა ბავშვს ასე ზრდიან. თუ სკოლის ასაკში ბიჭს ცრემლები წამოუვიდა, ნახევარი კლასი მას დასცინის. მე არ ვამბობ, რომ ტირილს პროპაგანდა უნდა გავუწიოთ, მაგრამ აკრძალვას აზრი არ აქვს. თუ ეტირება ბავშვს, მან უნდა იტიროს.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, მშობლის მხრიდან ბავშვისთვის რაიმეს დამადლება არასწორი ქცევაა და ბავშვზე ნეგატიურად ზემოქმედებს:

„მშობელი ბავშვს რამეს თუ ამადლის, მიზანზე უნდა დავფიქრდეთ, რა მიზანი გვაქვს, რატომ ვეუბნებით შვილს ამას. რა თქმა უნდა, ბავშვზე ეს სტრესულად მოქმედებს. ამით მას მოტივაცია არ გაეზრდება, რომ კარგად მოიქცეს. როდესაც ბავშვს ეუბნებიან: „მე შენ გამო ყველაფერს ვაკეთებ, შენ კიდევ მარცხვენ, კარგად არ სწავლობ,“ ის ისტრესება, თვლის რომ ვალშია და ცუდი შვილია. ყველა ადამიანი ბავშვის ყოლის გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებს. ბავშვს თვითონ არ უთხოვია გამაჩინეთო. დაყვედრების მიზანი ვერ იქნება ბავშვის მოტივაციის გაზრდა, მშობელი უბრალოდ გულს იოხებს და თავისი ემოციები გარეთ არასწორი ფორმით გამოაქვს. ნამდვილად არ შეიძლება მსგავსი ფორმით ბავშვთან საუბარი.“

„როდესაც ბავშვს ვაშინებთ, მას შფოთვას ვუმატებთ. ბავშვებს ისედაც ახასიათებთ შფოთვა, ისედაც ეშინიათ. როდესაც ვეუბნებით: „იქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო!“ - ისინი თავის ნაჭუჭში იკეტებიან. სამყაროს კვლევა აღარ უნდათ. დღეს ბევრ ბავშვს აქვს გაძლიერებული შფოთვა, ყველაფრის ეშინიათ. ვირუსთან დაკავშირებითაც ღელავენ, რომ რამე არ დაემართოთ. როდესაც ბავშვს ესმის, რომ რამე არის საშიში, ის ფანტაზიას შლის და ყველაფერს უფრო ამძაფრებს. რა თქმა უნდა, სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ ბავშვს და ავუხსნათ, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ შიშის დანერგვა არ არის გამოსავალი. შეიძლება ეს ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს ძლიერი შფოთვის სახით,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი. 

წაიკითხეთ სრულად