Baby Bag

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელმა ბავშვის გაღიზიანება არ უნდა მიიღოს შეტევად. პირველ რიგში, მოუსმინოს ბავშვს და დააკვირდეს,“ - ნინო გოგიჩაძე

„მშობელმა ბავშვის გაღიზიანება არ უნდა მიიღოს შეტევად. პირველ რიგში, მოუსმინოს  ბავშვს და დააკვირდეს,“ - ნინო გოგიჩაძე

ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ მშობლებს აგრესიულ ბავშვთან ურთიერთობის წესები გააცნო. მან აღნიშნა, რომ მშობელმა, პირველ რიგში, ბავშვს უნდა მოუსმინოს:

„დედას, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ, პირველ რიგში, მოუსმინოს ბავშვს, დააკვირდეს. ​ის მოდის გაღიზიანებული, აგრესიული, რას მეუბნება? ძალიან მარტივად შეიძლება მიზეზი იყოს, რომ მშიერია. სკოლიდან მოვიდა და პირველ რიგში, რაც სჭირდება არის, რომ შეჭამოს, მოდუნდეს. მერე აღმოჩნდება, რომ დედაც უყვარს, მამაც და სამყაროც მშვენიერია. იმ გარემოში, რომელშიც ბავშვია, შესაძლოა, ვიღაცის დედა უფრო მოსწონდეს. მისი გადასახედიდან ხედავდეს, რომ მას შვილთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ხედავდეს, რომ იმ ბავშვზე უფრო ზრუნავენ, მატერიალურ გამოვლინებებს ხედავდეს, რომ სხვა ბავშვს უკეთესი საშლელი აქვს, უკეთესი კალამი აქვს. მერე მოდის და დედას უბრუნდება: „შენი ბრალია, რომ მე ეს არ მაქვს.“ მას უნდა, რომ უხმოდ ან ხმით დასაჯოს დედა იმ სირთულეების გამო, რომელსაც თვითონ ვერ უმკლავდება.“

ნინო გოგიჩაძის თქმით, მშობელმა ბავშვის გაღიზიანება შეტევად არ უნდა ჩათვალოს და მისი დახმარება სცადოს:

„მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს აღიქმებიან ბავშვის მხრიდან. მშობელი ბავშვს იმით უნდა მიეხმაროს, რომ მოუსმინოს. მან ბავშვის გაღიზიანება არ უნდა მიიღოს შეტევად. ძალიან რთულია მშობელი არ იყოს იმედგაცრუებული იმის გამო, რომ უარყოფილია. ​ყველაზე დიდი ტვირთია მშობლისთვის, როდესაც შვილისგან უარყოფილია. ჩვენ დედაშვილობა რომანტიზებული გვაქვს, გვგონია, რომ როგორებიც უნდა ვიყოთ, შვილებმა უნდა მიგვიღონ და ეს თავისთავად უნდა გამოვიდეს. ამდენს ვშრომობ, სულ მასზე ვფიქრობ, თავისთავად უნდა ვუყვარდე. ეს არის მშობლის პოზიცია. არანაირი ძალისხმევა არ უნდა დავხარჯო იმისთვის, რომ ვუყვარდე. ბავშვს ვუყვარვარ მას შემდეგ, რაც გრძნობს, რომ ის არის ჩემთვის ღირებული. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას რაღაც ადგილი აქვს.“

„ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ რაღაც, რაც ხდება მასში, შეიძლება, რომ ხდებოდეს. ამ მომენტს ვახტებით ხოლმე მშობლები. როდესაც ჩვენთან მოდის ბავშვი, ვეუბნებით: „ახლა რატომ ხარ გაბრაზებული?“ ის კი არა, რომ გაბრაზებული ხარ, არა, ახლა არ არის გაბრაზების დრო, ჭამე და მერე მივდივართ. მშობელმა უნდა უთხრას ბავშვს: „დედა, შენ ახლა რაღაც გიჭირს და შენ რომ გიჭირს, მე ეს მესმის.“ პირველ რიგში, ვიწყებთ ემოციის მიღებას, რომ შეიძლება შენ იყო გაბრაზებული. ბავშვს ბალიში მივეცით, სადაც შეიძლება, რომ ამოიღოს თავისი გასაჭირი. ​კომუნიკაციის დასაწყისი არის ის, რომ ჩვენ ვუსმენთ ბავშვს იმ მოტივით, რომ გავიგოთ. ეს გაგვიყვანს იმ სირთულეებზე, რომელსაც ბავშვი რეალურად აწყდება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად