Baby Bag

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია...“ ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია - ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე

„სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია...“ ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია - ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე

ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ საქართველოში განქორწინების რიცხვის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქალების თვითშეგნების ზრდასთანაც არის კავშირში:

„განქორწინების რიცხვის გაზრდას მე დავაკავშირებდი ქალების თვითშეგნების ზრდასთან. თუ ადრე იყო, რომ ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ, ვცემ, არსად არ გავუშვებ, ეს ნელ-ნელა გადადის. თუ ადრე ოჯახის შენარჩუნება ქალისთვის იყო უმაღლესი ღირებულება, სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია“ და ა.შ. ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია.“

გაგა ნიჟარაძის თქმით, ქართველი მამაკაცები, როგორც ჩანს, მზად არიან ქალების თვითშეგნების ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის:

„ამასვე ვუკავშირებ, სხვათა შორის, ბოლო წლებში გაზრდილი შიდა ოჯახური მკვლელობების რიცხვს. როგორც ეტყობა, ქართველი მამაკაცები ჯერ არ არიან ამისთვის მზად. ცოლი სადღაც წავიდა სტუმრად და გვიან დაბრუნდა, ამას სერიოზული შედეგები მოაქვს. ​თუ ეს არ დამთავრდა სისხლისღვრით, უკვე ქალი თვითონ გამოდის განქორწინების ინიციატორად. ის, რომ სოციალური დისტანცია მცირდება ქალსა და კაცს შორის, მთელს მსოფლიოში ასეა და ჩვენთანაც ეს ტენდენციაა.“

„ადამიანმა თავის მეუღლეში უნდა ჰპოვოს სიყვარულისა და თავისი ინტერესების დაკმაყოფილება. არის ინტელექტუალური მოთხოვნილებები, ურთიერთობაში იუმორი, სექსი. თუ ადამიანმა ამაში რამე დეფიციტი ნახა, ის ცდილობს, რომ ეს დეფიციტი შეივსოს სადღაც გარეთ. ეს შეიძლება იყოს ის, რომ სახლში არ შემოდის და სულ მეგობრებთან არის. იდეალი ძნელი საპოვნელია მოგეხსენებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე გაგა ნიჟარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კაცების დრო“ ისაუბრა.

წყარო:​ „კაცების დრო“

წაიკითხეთ სრულად