Baby Bag

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც ხშირად ვისმენ ხოლმე,“ - პროფესორი ვერიკო ბაზიარი

„მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც ხშირად ვისმენ ხოლმე,“ - პროფესორი ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა ორსულებში ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობასა და წესებზე ისაუბრა:

„გაჩნდა რეკომენდაცია „აცრები ნებისმიერ ტრიმესტრში.“ მას შემდეგ რაც დელტა შტამმა ამდენი ორსულის სიცოცხლე შეიწირა, ულაპარაკოდ გაჩნდა ეს რეკომენდაცია. თითქმის ყველა ვაქცინამ ჩააბარა ის გამოცდა, რომ გაკეთების მომენტში არანაირი გვერდითი მოვლენა არ ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნებოდა ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები. გარდაცვალების შემთხვევებიც აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული. მე მიყვარს, როდესაც მეუბნებიან სიმართლეს.“

ვერიკო ბაზიარის თქმით, მედიცინაში დასკვნების გაკეთებას დრო და გამოცდილება სჭირდება:

„მედიცინაში მარტივი არ არის იმის თქმა, რომ ან კარგია, ან ცუდია. უბრალოდ ადამიანი არ უნდა მოატყუო. ​მე ამის მომხრე ვარ. მიაწოდეთ ადამიანს ინფორმაცია, რომ მან გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის ყველაზე კულტურული ურთიერთობა ადამიანთან. მომეცი ინფორმაცია და დამიტოვე არჩევანის უფლება მე. მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც მე ხშირად ვისმენ ხოლმე.“

„რაც შეეხება ორსულებს, მათი მეუღლეები ზედმიწევნით უნდა უფრთხილდებოდნენ თავიანთ თავს. ასეთ შემთხვევაში მე ვირჩევდი, რომ ქალბატონი აცრილიყო პირველი ტრიმესტრის შემდეგ. თუმცა არის რეკომენდაცია, რომ კი ბატონო, გაიკეთეთ პირველ ტრიმესტრში. ამაზე მონაცემები არ გვაქვს. ეს მონაცემი გაჩნდება მას შემდეგ, რაც პირველი აცრილი ორსული გააჩენს შვილს და თუნდაც პირველი სამი წლის კოგნიტურ და ფიზიოლოგიურ განვითარებას ვნახავთ. მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ასეა. დღეს თავს შევიკავებ ვთქვა, რომ ნამდვილად ასეა, ნამდვილად ისეა. სასურველი ორსული ან ზედმიწევნით იცავდეს რეკომენდაციას, ან მეორე ტრიმესტრიდან აიცრას ნებადართული ვაქცინებით,“ - აღნიშნულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად