Baby Bag

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

კულინარმა და ტელეწამყვანმა ესმა კუნჭულიამ ძველი მეგრული წვნიანის რეცეპტი გაგვაცნო, რომელიც ვირუსების წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს:

„მე მინდა, რომ ძველი მეგრული წვნიანით შევებრძოლო კორონავირუსს. 102 წლის მეგრელმა ქალმა მითხრა: „მე ყოველ წელს, ვირუსების დროს მივირთმევდი წვნიანს „ტიბუს,“ რომელიც ქონდრით, ნივრითა და აჯიკით მზადდება და არასდროს არ გავმხდარვარ ავად.“ მოდი, ვცადოთ წვნიანი „ტიბუ“ შვილებზეც. ძველი მეგრული წვნიანი ტიბუ სულ სამი ინგრედიენტისგან შედგება.“

„ავადუღოთ წყალი. რამდენიმე კოვზი სიმინდის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე. 2 ლიტრ წყალზე 4-5 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი დაგვჭირდება. მჭადის ფქვილს წინასწარ გავხსნით ცივ წყალში და ჩავუშვებთ მდუღარე წყალში. შემდეგ ვამატებთ ქონდარს და ვურევთ. შემდეგი ინგრედიენტი არის ერთი თავი დაჭყლეტილი ნიორი. მას თან მიჰყვება მშრალი აჯიკა, სულ ცოტა ჩვეულებრივი წითელი წიწაკაც. მარილს დაუმატებთ და ტიბუ მზად არის. „ტიბუზე“ ასე მითხრეს მეგრელებმა, ეს კუჭს არ გაგიღიზიანებსო,“ - აღნიშნული რეცეპტი ესმა კუნჭულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გაგვაცნო.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცილებლად მიმაჩნია, რომ კვებებს შორის შუალედი დაცული იყოს,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

„აუცილებლად მიმაჩნია, რომ კვებებს შორის შუალედი დაცული იყოს,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

​​პედიატრმა ნინო თოთაძემ ბავშვის კვებისას რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვებებს შორის შუალედის დაცვა მნიშვნელოვანია:

„მას შემდეგ, რაც გადავდივართ დამატებით კვებაზე, საჭიროა რეჟიმი. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებელია ყველა საუზმობდეს რვა საათზე. შესაძლებელია, რომ ეს იყოს მორგებული გრაფიკი ბავშვისთვის. აუცილებლად მიმაჩნია, რომ კვებებს შორის შუალედი დაცული იყოს. არასწორია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტი მუშაობდეს განუწყვეტლივ. არ შეიძლება, ბავშვის ფსიქოლოგია ყოველ საათში დაკავებული იყოს იმაზე ფიქრით, რომ მისთვის კვებაა უმნიშვნელოვანესი.“

ნინო თოთაძის თქმით, წახემსებას თავისი როლი აქვს და ამ შემთხვევაშიც რეჟიმი უნდა დავიცვათ:

„ბავშვს იმდენი გასართობი აქვს. გარკვეულწილად დატვირთული რეჟიმია. ჩვენი საქმიანობა არის სხვა, მათი საქმიანობა არის სხვა. ​შეუძლებელია, რომ ყველა საათობრივ ჭრილში მას მიეწოდოს საკვები. რა თქმა უნდა, წახემსებას აქვს თავისი როლი. ამ შემთხვევაშიც რეჟიმის დაცვა არ არის პრობლემატური.“

„ჯერ მიიღოს ორგანიზმმა საკვები, სწორად მოხდეს მისი გადამუშავება, თუნდაც გაჩნდეს შიმშილის შეგრძნება. დამატებით კვებაზე გადასვლილას, ​ის, რაც სასარგებლო პროდუქტია, მივაწოდოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მეტია შიმშილის გრძნობა, იგივეა ბაღის და სკოლის ასაკშიც. რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებში ბავშვი შეგვიძლია გავანებივროთ, მაგრამ საერთო ჯამში მას რეჟიმი ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო თოთაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად