Baby Bag

ასაკოვანი მშობლების შვილები პრობლემური ქცევისკენ ნაკლებად მიდრეკილები არიან

ასაკოვანი მშობლების შვილები პრობლემური ქცევისკენ ნაკლებად მიდრეკილები არიან
თანამედროვე ადამიანები შვილის გაჩენაზე ფიქრს საკმაოდ გვიან იწყებენ. 1970-იან წლებში ქალბატონები პირველ შვილს საშუალოდ 21 წლის ასაკში აჩენდნენ, დღეს აღნიშნული ასაკი 26 წლამდე გაიზარდა. 1972 წლისთვის მამაკაცების უმრავლესობა მამა პირველად 27 წლის ასაკში ხდებოდა, თანამედროვე სამყაროში მოცემული ასაკი 31 წლამდეა გაზრდილი. ალბათ, გაინტერესებთ, თუ რომელია უკეთესი: შვილის ყოლა უფრო ახალგაზრდა ასაკში თუ აღნიშნული გადაწყვეტილების შედარებით გვიან მიღება? ერთ-ერთ უახლეს კვლევაში მეცნიერები სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ და დაასკვნეს, რომ შვილების ზრდასრულ ასაკში გაჩენა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მშობლობის გამოცდილების ადრეული ახალგაზრდობის ეტაპზე მიღება.

მეცნიერებმა ნიდერლანდებში 10-12 წლის ასაკის 32 000 ბავშვის პრობლემური ქცევა გამოიკვლიეს. ბავშვების ქცევის შესაფასებლად მათ დედები, მამები, მასწავლებლები და თავად ბავშვები გამოკითხეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო დიდი ასაკის მშობლები ჰყავდა ბავშვს, მით ნაკლებად იყო ის მიდრეკილი პრობლემური ქცევის გამოვლენისა და აგრესიისკენ. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შედარებით ასაკოვან მშობლებს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ და მათი განათლების დონეც გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა მშობლების. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბავშვის პრობლემური ქცევა მშობლების მატერიალურ შემოსავლებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში არ არის.

არ დაგავიწყდეთ !!!

Mom​sEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

აღნიშნული კვლევის ჩატარებამდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერებმა უამრავი კვლევა შემოგვთავაზეს, რომლებიც უმეტესად ასაკოვანი მამების შვილებში აუტიზმისა და შიზოფრენიის განვითარების რისკებს აფასებდნენ, ხოლო ასაკოვან ქალბატონებში მძიმე სიმპტომებით მიმდინარე ორსულობებს უსვამდნენ ხაზს. ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევამ საპირისპირო შედეგები აჩვენა. მკვლევარები მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მათ ასაკის მატების გამო შვილების ყოლის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ასაკოვანი მშობლების შვილები პრობლემური ქცევისკენ მიდრეკილებას ნამდვილად არ ამჟღავნებენ. კვლევამ მშობლების ასაკის მატებასა და ბავშვების შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობებისკენ მიდრეკილების ზრდას შორის კავშირი ვერ გამოავლინა. 

მომზადებულია ​news4jax.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ ბეზრდება ცოლ-ქმარს ერთმანეთი? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

რატომ ბეზრდება ცოლ-ქმარს ერთმანეთი? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

​დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ცოლ-ქმრული ურთიერთობების პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გულგრილობა, რომელიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჩნდება წყვილს შორის სულიერი კავშირის სისუსტეზე მიგვანიშნებს:

„რას ნიშნავს გულგრილობა ორ ადამიანს შორის? ეს ნიშნავს, რომ მათ სულებს საერთო აღარ აქვთ. ხორცს ერთმანეთი შეიძლება მობეზრდეს. აქედან იბადება ღალატი. თუ ცოლ-ქმარს შორის ქრისტესმიერი ერთობაა, მათ სულებს ერთმანეთი არ ბეზრდებათ. სინამდვილეში ოჯახი არ არის ადამიანური ქორწინება. ადამიანი ხომ მარტო ხორციელი არსება არ არის. მხოლოდ ხორციელად ცხოველები ქორწინდებიან. ადამიანი ხომ სულია?!“

მამა თეოდორე გიგნაძის თქმით, ხორციელი ერთობა მხოლოდ ნაწილია იმ სულიერი ერთობის, რომელიც ქორწინებაში აუცილებლად უნდა იყოს:

„ერთ ხორც ყოფნაში არ იგულისხმება მხოლოდ ხორცი, არამედ არსება იგულისხმება. არსებაში სულიც ხომ შედის?! ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს სულიერ ერთობას. ხორციელი ერთობა ამ ერთობის რაღაც ნაწილია უბრალოდ. ​თუ სულიერი ერთობა არ არის, გარდაუვალია ხორციელი მობეზრება.“

​თუ ადამიანს ქრისტე არ უნდა, ჯვრისწერასაც აზრი არ აქვს. ამ ჯვრისწერით სულების ერთობა არ მოხდება. ყველა საიდუმლო სინერგიული ტიპის არის. მადლი მოდის და აქედან შენი ნება უნდა დაახვედრო. თუ ნებელობა არ არის, მადლი არ ძალადობს, მოვა, გაჩერდება. ის იმდენად მოვა, რამდენადაც შენ ნაბიჯს გადადგამ. მადლი არ იძალადებს შენზე,“ - აღნიშნა მამა თეოდორემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად