Baby Bag

ქალს მაღალი მამაკაცის გვერდით ყოფნა დაცულობის შეგრძნებას უჩენს და თავს უფრო ფემინურად აგრძნობინებს

ქალს მაღალი მამაკაცის გვერდით ყოფნა დაცულობის შეგრძნებას უჩენს და თავს უფრო ფემინურად აგრძნობინებს
2016 წელს ჩატარებული სამეცნიერო ​კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დაბალი ქალები მაღალ მამაკაცებთან თანაცხოვრებისას ძალიან ბედნიერები არიან. რაც უფრო დიდია სხვაობა ცოლ-ქმრის სიმაღლეებს შორის, მით მეტია წყვილის ბედნიერების ხარისხიც. კვლევაში მონაწილეობას დაოჯახებული ქალბატონები იღებდნენ და მეუღლეებთან თანაცხოვრებას დადებითად ან უარყოფითად აფასებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოლ-ქმრის სიმაღლეებს შორის დიდი სხვაობა წყვილის ბედნიერების ხარისხზე დადებით ზეგავლენას ერთად ცხოვრების პირველი 18 წლის მანძილზე ახდენდა. ქალბატონები, რომლებსაც ცოლ-ქმრული თანაცხოვრების უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდათ, თავს ბედნიერად ნაკლებად მაღალ ან დაბალ მეუღლეებთან ურთიერთობისასაც გრძნობდნენ.

ქალბატონები, როგორც წესი, თავიანთ მეუღლეებთან შედარებით დაბლები არიან, რადგან გენეტიკურად მამაკაცი უფრო მაღალი აღნაგობისაა. მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები რომანტიკულ პარტნიორებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ, რადგან ორივე მათგანს განსხვავებული მოლოდინები და ინტერესები აქვს.

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პარტნიორის სიმაღლეს ქალისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალს მაღალი მამაკაცის გვერდით ყოფნა დაცულობის შეგრძნებას უჩენს და თავს უფრო ფემინურად აგრძნობინებს. კვლევაში მონაწილე ქალების უმეტესობა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მათ მაღალ მამაკაცებთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებდათ, რადგან მათ გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.

დაბალი ქალბატონები, რომლებსაც მაღალი მეუღლეები ჰყავთ და ცოლ-ქმრული ურთიერთობით ძალიან კმაყოფილები არიან, გარკვეული გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ფარულ ზეგავლენას განიცდიან. მიზიდულობა მისტიკური მოვლენაა, რომელსაც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი ბიოლოგიური პროცესების ერთიანობა ქმნის.

კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი მამაკაცები მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიერ პოზიტიურად აღიქმებიან. ქალბატონების წარმოდგენებში მაღალი მამაკაცი ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ფულის გამომუშავების განსაკუთრებული უნარი აქვს. შესაძლოა, ამის მოსმენა ძალიან არ გვსიამოვნებს, მაგრამ ადამიანებს სხვების გარეგნული ნიშნით შეფასება არცთუ იშვიათად გვჩვევია, რის გამოც ამა თუ იმ პიროვნების ხასიათის თავისებურებებთან დაკავშირებით ნაადრევი დასკვნების გამოტანა გვახასიათებს. მდედრობით და მამრობით სქესს შორის ურთიერთობაში ინსტინქტური რეაქციები და ბიოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს ასრულებს.

თუ თქვენთან შედარებით ბევრად მაღალ მამაკაცს ხვდებით და მასთან ოჯახის შექმნას გეგმავთ, გილოცავთ! მომდევნო 18 წელი უსაზღვროდ ბედნიერი იქნებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება შვილიშვილებთან, მაგრამ მშობლის დადგენილი წესი არ უნდა დაარღვიონ“- ფსიქოლოგი რუსა სამხარაძე

„ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება შვილიშვილებთან, მაგრამ მშობლის დადგენილი წესი არ უნდა დაარღვიონ“- ფსიქოლოგი რუსა სამხარაძე

ფსიქოლოგმა რუსა სამხარაძემ ბავშვისთვის „არას“ მიღების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვები წესრიგს ჩვილობიდან უნდა ვაზიაროთ:

„ბავშვს არას პირველად 16 წლის ასაკში თუ ვეტყვით, ვერ გაიგებს, რა თქმა უნდა. ჩვილი ასაკიდან ჩვენ ბავშვს ვუქმნით გარკვეულ მოწესრიგებულ გარემოს. ამაში იგულისხმება ის, რომ მას აქვს თავის დროზე ჭამა, ძილი. მისი გარემო მოწესრიგებული და წინასწარმეტყველებადია. ბავშვის უსაფრთხოება და სტაბილურობა არის დაცული. როდესაც ბავშვი დამოუკიდებელი ხდება, ამ დროს მშობლები, სამწუხაროდ, ვიწყებთ შეცდომების დაშვებას. ჩვენ ვარღვევთ ამ წესებს და ჩარჩოებს. ბავშვს აღარ აქვს ისეთი მოწესრიგებული დღის რუტინა.“

„ბავშვი ბევრ რამეს გვთხოვს, მაგრამ ჩვენ თუ აქ არ ვიწყებთ წესების დაწესებას, შემუშავებას, რომელსაც ოჯახის ნებისმიერი წევრი თანმიმდევრულად იცავს, თუნდაც ერთი მშობლისგან დაწესებული „არა“ კარგავს მნიშვნელობას. ბავშვი საკმაოდ ჭკვიანია. ის, რა თქმა უნდა, ხვდება და კარგად იყენებს ამას. ეს ერთგვარი მანიპულირების იარაღია და უფროსები ვართ ამის ხელშემწყობი. ერთსა და იმავე რამეზე ერთი ამბობს არას, მეორე ამბობს კი. ბავშვი იწყებს ერთ-ერთი მშობლით მანიპულირებას. არათანმიმდევრული, არაშეთანხმებული აღზრდის სტილის გამოყენების დროს ძალიან ხშირია ბავშვის ემოციური და ქცევითი პრობლემები. ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება შვილიშვილებთან, მაგრამ თუ მშობელი შეიმუშავებს წესს, ბებია-ბაბუამ ეს შემუშავებული წესი და ჩარჩო არ უნდა დაარღვიოს,“- აღნიშნულ საკითხზე რუსა სამხარაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად