Baby Bag

„დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ერთ-ერთი ქალბატონის კითხვას უპასუხა, რომელიც მის ოჯახურ ურთიერთობებში დედამთილის უხეში ჩარევის გამო წუხდა:

„როდესაც დედამთილი ეუბნება თავის შვილს, რომ ჯერ ძმა უნდა უყვარდეს და შემდეგ თავისი ოჯახი, არანაირად, არც ქრისტიანულად, არც ოჯახურად, ქართულად ან ტრადიციულად ეს ასე არ არის. ადამიანი როდესაც დაოჯახდება და ცოლს მოიყვანს, მისთვის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მეუღლე და მისი შვილები და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე დანარჩენი სხვა. ის სხვა არის ამ შემთხვევაში დედაც, ძმაც, დაც და ა.შ.“

„თუ ცალკე ცხოვრობთ, წესით თქვენ ეს პრობლემა არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, თქვენს მეუღლეს აუხსნათ სწორად, რომ სწორი ზუსტად ის არის, რომ დაოჯახებული მამაკაცი უპირველეს ყოვლისა თავის მეუღლეზე ფიქრობდეს. ამბობს კიდეც ამას პავლე მოციქული, რომ ქორწინებული ზრუნავს „ვითარ სათნო ეყოს ცოლსა.“ ასეც არის სწორი. დაქორწინებული ადამაინი უპირველეს ყოვლისა იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ვისთანაც ერთობას წარმოადგენს, ერთი სული და ერთი ხორცია, სწორედ მასზე უნდა ზრუნავდეს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე ოჯახის დანარჩენ წევრებზე. დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მასზე გაბოროტდეთ. მე მინდა გირჩიოთ, რომ საერთო ენა გამონახოთ მასთან. ილოცეთ, იმიტომ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს და დაალაგებს თქვენს ურთიერთობას. ნუ გაბოროტდებით, იმიტომ რომ გაბოროტებას კარგი არაფერი მოაქვს ადამიანისთვის. თქვენ ნუ დაუპირისპირდებით დედამთილს იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით. შეგიძლიათ თქვენი აზრი დაუფიქსიროთ მტკიცედ, სიყვარულით, მაგრამ არავითარ შემთხვევებში არ დაუპირისპირდეთ იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

სკოლა ბავშვისთვის მეორე სახლია. ეს ის ადგილია, სადაც სახლის მერე ყველაზე მეტ დროს ატარებს. თუ დავთვლით, ადამიანი თავისი ცხოვრების 16 000 საათს სკოლაში ატარებს. სკოლაში ბავშვები არა მარტო სწავლობენ, არამედ მშობლებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ეჩვევიან და პიროვნებებად ყალიბდებიან. 

თუ გაინტერესებთ, რას აკეთებს, როგორ სწავლობს და ვითარდება თქვენი შვილი სკოლაში, მაშინ დაუსვით მის მასწავლებელს ეს 10 კითხვა:

1. როგორი პროგრესი აქვს ბავშვს სწავლის მხრივ?

2. რა მხრივ სჭირდება უფრო მეტად ხელის შეწყობა, რომ უკეთესი წინსვლა ჰქონდეს?

3. როგორია სკოლაში მისი ემოციური მდგომარეობა?

4. არის თუ არა ბულინგის მსხვერპლი?

5. როგორია მისი მორალური განვითარება?

6. რომელია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

7. როგორ შემიძლია დაგეხმაროთ თქვენ, ჩემი შვილის მასწავლებლებს?

8. როგორ შეიძლება დავეხმაროთ შვილს სწავლის პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების დროს?

9. რომელი სფერო უფრო მეტად აინტერესებს, რითი დავაკავოთ სახლში ბავშვები - ხატვით, სპორტით...?

10. რა შედეგებს უნდა ველოდო ჩემი შვილისგან სასწავლო წლის ბოლოს?

მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა დადებითად აისახება ბავშვების განვითარებაზე. 

მომზადებულია moms.com-ის მიერ. 

წაიკითხეთ სრულად