Baby Bag

„დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ერთ-ერთი ქალბატონის კითხვას უპასუხა, რომელიც მის ოჯახურ ურთიერთობებში დედამთილის უხეში ჩარევის გამო წუხდა:

„როდესაც დედამთილი ეუბნება თავის შვილს, რომ ჯერ ძმა უნდა უყვარდეს და შემდეგ თავისი ოჯახი, არანაირად, არც ქრისტიანულად, არც ოჯახურად, ქართულად ან ტრადიციულად ეს ასე არ არის. ადამიანი როდესაც დაოჯახდება და ცოლს მოიყვანს, მისთვის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მეუღლე და მისი შვილები და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე დანარჩენი სხვა. ის სხვა არის ამ შემთხვევაში დედაც, ძმაც, დაც და ა.შ.“

„თუ ცალკე ცხოვრობთ, წესით თქვენ ეს პრობლემა არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, თქვენს მეუღლეს აუხსნათ სწორად, რომ სწორი ზუსტად ის არის, რომ დაოჯახებული მამაკაცი უპირველეს ყოვლისა თავის მეუღლეზე ფიქრობდეს. ამბობს კიდეც ამას პავლე მოციქული, რომ ქორწინებული ზრუნავს „ვითარ სათნო ეყოს ცოლსა.“ ასეც არის სწორი. დაქორწინებული ადამაინი უპირველეს ყოვლისა იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ვისთანაც ერთობას წარმოადგენს, ერთი სული და ერთი ხორცია, სწორედ მასზე უნდა ზრუნავდეს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე ოჯახის დანარჩენ წევრებზე. დედამთილი ნამდვილად არასწორად იქცევა, როდესაც ცუდად ერევა ცოლ-ქმრის ოჯახურ ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მასზე გაბოროტდეთ. მე მინდა გირჩიოთ, რომ საერთო ენა გამონახოთ მასთან. ილოცეთ, იმიტომ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს და დაალაგებს თქვენს ურთიერთობას. ნუ გაბოროტდებით, იმიტომ რომ გაბოროტებას კარგი არაფერი მოაქვს ადამიანისთვის. თქვენ ნუ დაუპირისპირდებით დედამთილს იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით. შეგიძლიათ თქვენი აზრი დაუფიქსიროთ მტკიცედ, სიყვარულით, მაგრამ არავითარ შემთხვევებში არ დაუპირისპირდეთ იმავე მეთოდებით, რომლითაც ის გებრძვით,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მორალი ორ წლამდე არ აქვს. მას უნდა, რომ რაც კარგია, მისი იყოს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

„ბავშვს მორალი ორ წლამდე არ აქვს. მას უნდა, რომ რაც კარგია, მისი იყოს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრი ქეთი ნემსაძე ბავშვის განვითარების უმთავრეს ეტაპზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ პატარები ყველაზე მეტად ნულიდან ორ წლამდე ვითარდებიან. ქეთი ნემსაძის თქმით, ორ წლამდე ასაკის ბავშვის მიმართ ჭარბი მოთხოვნები არ უნდა გვქონდეს და მას მოზრდილივით არ უნდა ვექცეოდეთ. პედიატრი აღნიშნავს, რომ ორ წლამდე ბავშვებს მორალი არ აქვთ და მათი აზროვნება ძალიან განსხვავებულია:

„ბავშვს მორალი ორ წლამდე არ აქვს. მისი მორალია: „რაც კარგია, ჩემია. რაც ჩემია, შენი ვერ გახდება.“ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე ბავშვს უთხრა რაიმე ნივთზე: „სხვას მიეცი.“ ის სხვას არ გაუყოფს რამეს, ეს არის ჯანმრთელი ბავშვის ფუნქცია. ​არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუჯავრდეთ ბავშვს, თუ ის სხვას არ უყოფს რამეს. გაზიარება არ არის მისი პრობლემა. არ უნდა წავეჩხუბოთ ბავშვს. მას უნდა, რომ რაც კარგია, მისი იყოს. შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა ავუხსნით, რომ კარგს უნდა მიაღწიო, მაგრამ სხვისი უფლებები არ უნდა დაარღვიო.“

ქეთი ნემსაძე ორ წლამდე ბავშვებში ეფექტიან დასჯის მეთოდოლოგიაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, ბავშვებს ხშირად შეახსენონ ყველაფერი ის, რასაც ისინი სწორად აკეთებენ:

​ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დასჯის მეთოდოლოგია არის ასეთი, ის ემყარება ტაიმ-აუტს. თუ ნულიდან ორ წლამდე ბავშვმა რაღაც დააშავა, ნივთი აიღო და გადააგდო, ჩვენ ერთი წუთის განმავლობაში ვუხსნით მას, რომ ეს არ არის კარგი, მიგვყავს უსაფრთხო შესვენების სკამზე ან კუთხეში. კუთხეში დაყენება შეიძლება მხოლოდ ერთი წუთით. ამის შემდეგ მას ამას არასდროს გავახსენებთ. ბავშვს გავახსენებთ იმას, რაც მან კარგი გააკეთა. განსაკუთრებით ძილის წინ შევაქებთ ბავშვს. ეს არის ის, რითაც მტკიცდება კარგი ჩვევები. ბავშვს შევახსენებთ, რა გააკეთა კარგი. ეს დასწავლის პერიოდია. ყველაზე მეტად ბავშვი ვითარდება ნულიდან ორ წლამდე,“ 

„სტრესი არის რამდენიმე სახის. არსებობს ასატანი სტრესი. რას ნიშნავს ეს? როდესაც ბავშვი პასუხობს გაკვეთილს, გულისცემა ოდნავ უჩქარდება, არის ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს დადებითი სტრესია, რომელიც განვითარებას და ადაპტაციის უნარის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ​ასეთი სტრესი არ უნდა ავაცილოთ ბავშვს. სერიოზული სტრესი გადადის ტოქსიკურ ბიოქიმიურ პროცესებში. ასეთი სტრესი არის დაბადებისთანავე დედისა და ბავშვის დაშორება,“ - აცხადებს ქეთი ნემსაძე.

წყარო: ​შუადღე GDS

წაიკითხეთ სრულად