Baby Bag

გაიცანით ქართველი მშობლები, შალვა და ქეთი ტაბატაძეები, რომლებიც 10 შვილს ძიძის გარეშე ზრდიან

გაიცანით ქართველი მშობლები, შალვა და ქეთი ტაბატაძეები, რომლებიც 10 შვილს ძიძის გარეშე ზრდიან

შალვა და ქეთი ტაბატაძეები 10 შვილის მშობლები არიან. ელენეს, ანტონის, ილიას, ანდრიას, იოანეს, ელისეს, აბრააბის, ანას, ელისაბედისა და ენუქის მშობლებს ბავშვების მოსავლელად ძიძა არ აუყვანიათ. ისინი ყველაფერს დამოუკიდებლად უმკლავდებიან. თავისი დიდი და ბედნიერი ოჯახის შესახებ შალვა და ქეთი ტაბატაძეებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრეს. შალვა ტაბატაძის თქმით, უფროსი ბავშვები უმცროსებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ:

„მრავალშვილიან ოჯახში არის ეს ზრუნვა. უფროსი დედმამიშვილები ზრუნავენ პატარებზე, ასეირნებენ სუფთა ჰაერზე, უცვლიან საფენებს, ხელითაც აჭმევენ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვთხოვთ. შეიძლება უფროსებმა ბაღიდან გამოიყვანონ პატარები. უფროსი 16 წლის ხდება. მე 45 წლის ვარ. ხუთი ბავშვი მიდის დილით სკოლაში. ჩვენ ვიღვიძებთ დაახლოებით 9 საათისთვის. სამს ვამზადებთ საბავშვო ბაღისთვის. სულ პატარაც მაშინ იღვიძებს. ორი ადამიანი ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამდენი ბავშვის ჩაცმას, საუზმეს. ბაღში რამე არ უნდა დაგავიწყდეს: პირსახოცი, საფენი. დღიურად დაახლოებით 7 პური გვჭირდება. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ვახშამზე არ გვაქვს პური და ყველას გვეზარება წასვლა. მერე მაინც ვიღაც მიდის.“

„ყოველთვის მეგონა, რომ მშვიდი არ ვიყავი. ზოგადად ძალიან ცოცხალი და ენერგიული ვარ. ვფიქრობ, რომ ბავშვებიც ძალიან მგვანან ამ კუთხით, მაგრამ როგორც ჩანს, მშვიდი ვყოფილვარ. ამაში წონასწორობა იგულისხმება. მაქვს უნარი, რომ თავი გავაკონტროლო. ალბათ, ამიტომაც მყავს ამდენი შვილი, ვარ მშვიდი. საქმეები გადანაწილებული გვაქვს. როდესაც ამდენი შვილი გყავს, სხვანაირად არ შეიძლება. მარტო გაზრდა ხომ არ არის, მნიშვნელოვანია აღზრდა. მომავალში მშობელმა შვილებს უნდა გაატანოს კარგი ჩვევები. ვცდილობთ მოწესრიგებულობას, განათლებას შევაჩვიოთ ბავშვები. მორიგეობა აქვთ ბავშვებს დღეების მიხედვით, ვინ რას აკეთებს. დროშაც გვაქვს ოჯახის. ელენე, ელისაბედი, ანდრია კარგად ხატავენ. მღერიან ბავშვები, სპორტით კავდებიან, რაგბიზე, კალათბურთზე დადიან. ვცდილობთ ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვროთ. ვფიქრობდით, რომ რამდენ შვილსაც ღმერთი გვაჩუქებს, იმდენ შვილს ვიყოლიებდით. როდესაც შინაგანი მზაობა გაქვს, რომ ბევრი შვილი გეყოლება, მშვიდად ხვდები ყოველ მომდევნო შვილს,” - აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა ჩაიკეტოს?“ - გიორგი ფხაკაძე

„ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა ჩაიკეტოს?“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებული შეზღუდვები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე არ არის:

„რა აზრი აქვს ამ შეზღუდვებს? ეს არის პაკაზუხობა."  ​საქართველოში არის „პაკაზუხა“ შეზღუდვები. თუ აკეთებ, გააკეთე. თუ არ გაქვს ამის თავი, უთხარი ადამიანებს, რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. სახელმწიფო გეუბნებათ, თავში ქვა გიხლიათო. სახელმწიფომ მიაგდო საქართველოს მოქალაქეები. ჩემზე უკეთესად იციან, რა არის გასაკეთებელი.“

გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა, რათა ქვეყნის ჩაკეტვის რისკი თავიდან ავიცილოთ:

„ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს? მე არ მინდა! ​ეს ქვეყანა რომ არ ჩაიკეტოს, უნდა ავიცრათ ფაიზერით და მორჩა! რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები ამოჰყოფს თავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვერ იტყვიან, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ.“

„ჩაკეტვა, ალბათ, ვიღაცას აწყობს. მე არ ვიცი, საღ ადამიანს ვის შეიძლება აწყობდეს ქვეყნის ჩაკეტვა?!“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად