Baby Bag

გაიცანით ქართველი მშობლები, შალვა და ქეთი ტაბატაძეები, რომლებიც 10 შვილს ძიძის გარეშე ზრდიან

გაიცანით ქართველი მშობლები, შალვა და ქეთი ტაბატაძეები, რომლებიც 10 შვილს ძიძის გარეშე ზრდიან

შალვა და ქეთი ტაბატაძეები 10 შვილის მშობლები არიან. ელენეს, ანტონის, ილიას, ანდრიას, იოანეს, ელისეს, აბრააბის, ანას, ელისაბედისა და ენუქის მშობლებს ბავშვების მოსავლელად ძიძა არ აუყვანიათ. ისინი ყველაფერს დამოუკიდებლად უმკლავდებიან. თავისი დიდი და ბედნიერი ოჯახის შესახებ შალვა და ქეთი ტაბატაძეებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრეს. შალვა ტაბატაძის თქმით, უფროსი ბავშვები უმცროსებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ:

„მრავალშვილიან ოჯახში არის ეს ზრუნვა. უფროსი დედმამიშვილები ზრუნავენ პატარებზე, ასეირნებენ სუფთა ჰაერზე, უცვლიან საფენებს, ხელითაც აჭმევენ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვთხოვთ. შეიძლება უფროსებმა ბაღიდან გამოიყვანონ პატარები. უფროსი 16 წლის ხდება. მე 45 წლის ვარ. ხუთი ბავშვი მიდის დილით სკოლაში. ჩვენ ვიღვიძებთ დაახლოებით 9 საათისთვის. სამს ვამზადებთ საბავშვო ბაღისთვის. სულ პატარაც მაშინ იღვიძებს. ორი ადამიანი ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამდენი ბავშვის ჩაცმას, საუზმეს. ბაღში რამე არ უნდა დაგავიწყდეს: პირსახოცი, საფენი. დღიურად დაახლოებით 7 პური გვჭირდება. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ვახშამზე არ გვაქვს პური და ყველას გვეზარება წასვლა. მერე მაინც ვიღაც მიდის.“

„ყოველთვის მეგონა, რომ მშვიდი არ ვიყავი. ზოგადად ძალიან ცოცხალი და ენერგიული ვარ. ვფიქრობ, რომ ბავშვებიც ძალიან მგვანან ამ კუთხით, მაგრამ როგორც ჩანს, მშვიდი ვყოფილვარ. ამაში წონასწორობა იგულისხმება. მაქვს უნარი, რომ თავი გავაკონტროლო. ალბათ, ამიტომაც მყავს ამდენი შვილი, ვარ მშვიდი. საქმეები გადანაწილებული გვაქვს. როდესაც ამდენი შვილი გყავს, სხვანაირად არ შეიძლება. მარტო გაზრდა ხომ არ არის, მნიშვნელოვანია აღზრდა. მომავალში მშობელმა შვილებს უნდა გაატანოს კარგი ჩვევები. ვცდილობთ მოწესრიგებულობას, განათლებას შევაჩვიოთ ბავშვები. მორიგეობა აქვთ ბავშვებს დღეების მიხედვით, ვინ რას აკეთებს. დროშაც გვაქვს ოჯახის. ელენე, ელისაბედი, ანდრია კარგად ხატავენ. მღერიან ბავშვები, სპორტით კავდებიან, რაგბიზე, კალათბურთზე დადიან. ვცდილობთ ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვროთ. ვფიქრობდით, რომ რამდენ შვილსაც ღმერთი გვაჩუქებს, იმდენ შვილს ვიყოლიებდით. როდესაც შინაგანი მზაობა გაქვს, რომ ბევრი შვილი გეყოლება, მშვიდად ხვდები ყოველ მომდევნო შვილს,” - აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი... ნუ გაიმეტებ ესე, მოაკითხე, ძალიან გთხოვ,“ - თამუნა მუსერიძე

„ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი... ნუ გაიმეტებ ესე, მოაკითხე, ძალიან გთხოვ,“ - თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქუთაისში დედის მიერ მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს:

„რა ვქნა?

რა ჯანდაბა ვქნა?

ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი, თქვა რომ ქმარი არ ჰყავს. ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არ აქვს. დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა, ერთი თვისაა, ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან, აქ იქნება. თუ ამ პოსტს წაიკითხავ. ძალიან გთხოვ,  ნუ გაიმეტებ ესე. მოაკითხე, ძალიან გთხოვ. მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად,“ - აღნიშნავს თამუნა მუსერიძე.

წაიკითხეთ სრულად